საზოგადოება
სუბელიანის უწყების შერჩევითობის პრინციპი

devnilebi10როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ზუგდიდში გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრები 12 დევნილი ოჯახი, სურვილის მიუხედავად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველომ ისინი მალთაყვაში მდებარე დევნილთა ახალ ჩასახლებაში არ გადაიყვანა. დევნილები კერძო საკუთრებაში 17 წელია, ცხოვრობენ და ფართის მეპატრონემ მათ შენობის მიმდინარე წლის 8 აგვისტომდე დაცლა უბრძანა.

გარდა ამისა, მათი საცხოვრებელი პირობები უკიდურესად გაუსაძლისია – არ აქვთ კანალიზაცია, წყალი, შენობის ნაწილს აწვიმს. ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენელი რამდენიმე დღის წინათ აღნიშნულ ჩასახლებაში მივიდა, მათი მონაცემები ჩაიწერა და მალთაყვაში გადაყვანას დაჰპირდა, თუმცა, დაპირების მიუხედავად, შენობაში რეალურად მცხოვრები არცერთი დევნილი ახალ ჩასახლებაში არ გადაუყვანიათ. მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნული ტერიტორიიდან მხოლოდ ის 13 ოჯახი წაიყვანა, ვისაც გრიბოედოვის 99-ში მხოლოდ მიწერა ჰქონდა, მაგრამ რეალურად 2001 წლიდან იქ არ უცხოვრიათ. ამ ფაქტის გამო დევნილებმა პროტესტი გამოთქვეს. მდგომარეობის განსამუხტავად ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენელი დევნილებს მეორე დღესვე გაყვანას შეჰპირდა, მათ ბარგი შეკრული აქვთ, თუმცა სამმართველოდან იქ აღარავინ მისულა. დევნილები დღესვე დევნილთა ადგილობრივი სამმართველოს უფროს ლევან მიქავას დაუკავშირდნენ. მიქავამ კი მათ განუცხადა, რომ მათი ფართით დაკმაყოფილება გასახლების მეორე ეტაპამდე გადაიდო.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იმ დევნილებს აძლევს ფართებს, რომლებიც რეალურად სხვა მისამართზე ცხოვრობენ, უკიდურესად გაუსაძლის პირობებში მყოფ დევნილებს კი ბედის ანაბარად ტოვებს. საკუთარი სამინისტროსგან მიტოვებული დევნილების ქუჩაში გაყრას ორშაბათს კერძო მესაკუთრე უპირებს. სპეციალურად აშენებულ კორპუსებში კი დევნილების შესახლებას სუბელიანის უწყება შერჩევითობის პრინციპით ახორციელებს.

 

საქინფორმი