საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, იუსტიციის სამინისტროს 476-მა ორგანიზაციამ მიმართა. იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება იძულებით დაარეგისტრიროს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ჯარიმები დააკისროს მათ და ამ ორგანიზაციების საქმიანობის ე.წ. „მონიტორინგი“ განახორციელოს.
ზოგიერთი მედია საშუალების თანახმად, დარეგისტრირებული ორგანიზაციების რაოდენობა საქართველოში რეგისტრირებული სსო-ების მხოლოდ 1.5%-ს შეადგენს – მათი საერთო რაოდენობა, სავარაუდოდ, 30 000-ზე მეტია (“საქსტატის” ცნობით, 3 758 აქტიური ორგანიზაციაა და მათ შორის საჯარო უწყებებიცაა ჩამოთვლილი). სარეგისტრაციო პროცესის დროს, ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირებულიყო, რისთვისაც იუსტიციის სახლი კვირაობითაც მუშაობდა. იმავდროულად, სსო-ების ზოგიერთმა წარმომადგენელმა იუსტიციის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათ ხელში ეკავათ ბანერები წარწერით: „ძვირფასო თანამებრძოლო, ნუ გახდები უცხო ქვეყნის აგენტი“.
აპრილში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირების შემდეგ, ბევრმა სსო-მ არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „რუსული სტილის კანონს“ და ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებოდნენ უცხოელ აგენტებად. კანონის ხელახალ ინიცირებას რამდენიმეთვიანი უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
29-31 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანონთან დაკავშირებით განხილვა გამართა მას შემდეგ, რაც კანონის წინააღმდეგ სასამართლოში ხუთი დამოუკიდებელი საჩივარი შევიდა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია გადაწყვეტილება კონსტიტუციური სარჩელების დასაშვებობის შესახებ და, რაც მთავარია, იმაზე, შეაჩერებს თუ არა დროებით კანონის პრაქტიკულ დებულებებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორც ამას მოსარჩელეები ითხოვენ.
ზოგიერთმა ორგანიზაციამ, რომელსაც უფრო მცირე ბიუჯეტი აქვს და მცირე უცხოურ შემოწირულობებზეა დამოკიდებულნი, განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გამო, ისინი შეწყვეტენ ფუნქციონირებას და დროებით ან სამუდამოდ დაიხურებიან.
დასავლეთ საქართველოში, სამტრედიაში, მასწავლებლისა და მისი სტუდენტების მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სიკეთის რევოლუციამ“ ლიკვიდაცია 29 აგვისტოს გამოაცხადა. ფონდის დირექტორმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ დახმარებას უცხოელი მეგობრებისგან იღებდა, რომლებიც თანხას ყოველთვიურად უგზავნიდნენ (დაახლოებით 1200-2000 ლარს), რაც საკმარისი იქნებოდა 3-5 ოჯახის დასახმარებლად. უცხოეთიდან მიღებული თანხა მთლიანი შემოწირულობების 20%-ზე მეტი იყო, რაც აიძულებდა ორგანიზაციას რომ დარეგისტრირებულიყო.
ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 30 აგვისტოს კიდევ ერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ „პროექტი ცხოველებისთვის” გამოაცხადა. მისმა დამფუძნებელმა, მარიამ ცერცვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ აგენტების კანონის გამო, ორგანიზაცია მალე დაიხურება და თანხების მოზიდვის ბოლო ღონისძიებას გამართავს, რათა კლინიკის ვალები დაფაროს და შეფარებული ცხოველები რამდენიმე თვე მაინც უზრუნველყონ.
კიდევ ერთმა ორგანიზაციამ „ეკო ცენტრმა“, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობს, განაცხადა, რომ მან როგორც დახურვის, ისე რეესტრში დარეგისტრირების გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს დარეგისტრირდნენ, ვინაიდან ჯარიმები სერიოზულ ზემოქმედებას მოახდენს ორგანიზაციაზე, თუმცა საქმიანობას აღარ გააგრძელებენ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ კანონი არ გაუქმდება.
30 აგვისტოს საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა სამოქალაქო მოძრაობამ „სირცხვილია“ სოციალურ მედიაში ვიდეო გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „ცუდი ვარიანტებიდან ვეცადეთ, აგვერჩია შედარებით ნაკლებად ცუდი ვარიანტი საქმისთვის“, რის შემდეგაც ორგანიზაციამ „უცხოელი აგენტების“ რეესტრში დარეგისტრირება გადაწყვიტა.
ორგანიზაციის წევრებმა განმარტეს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ მათ უკვე ეძახდნენ „აგენტებს“ ხელისუფლების პროპაგანდის გამო და რომ „კანონის ახალი რედაქციით აგენტის სტატუსი არაა გათვალისწინებული“; ორგანიზაციის თქმით, მისი მთავარი მიზანი ოქტომბრის არჩევნებამდე ფუნქციონირების შენარჩუნებაა ისე, რომ არ დაჯარიმდეს და ჯარიმების მოცულობის გამო დახურვამდე არ მივიდეს.
„სირცხვილიას“ გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოებამ მკაცრად გააკრიტიკა. მან ორგანიზაცია იმ პრინციპებზე უარის თქმაში დაადანაშაულა, რომელთა დაცვის პირობაც მან დადო. ბევრმა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას „ნამდვილი სირცხვილი“ უწოდა.
სსო-ების ბევრმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „სირცხვილია“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაცია იყო კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს და ახლა არ უნდა მიეტოვებინა პროცესი, რითიც ხალხს ნიჰილიზმის განცდას უნერგავდა. ამავდროულად, მათ აღნიშნეს, რომ საპროტესტო აქციების დროს ბევრი ფული შეგროვდა სხვადასხვა ფორმით დასახმარებლად, როგორიცაა ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული ადამიანების ჯარიმების გადახდა; ამრიგად, არსებობს იმედი, რომ თუ ორგანიზაცია ჯარიმას ვერ გადაიხდის, მას ხალხი დაეხმარება.
მაშინ, როცა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში ბევრმა დაგმო ეს ნაბიჯი, „ქართული ოცნება“ მიესალმა მოძრაობის გადაწყვეტილებას. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია! ხელები შორს ორგანიზაცია „სირცხვილიასგან”. „სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია“.
სამოქალაქო საზოგადოების ნეგატიურმა კომენტარებმა და მმართველი პარტიის კომპლიმენტებმა უბიძგა მოძრაობა „სირცხვილიას“ რომ თავისი გადაწყვეტილება შეეცვალა. შედეგად, 31 აგვისტოს ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გადაიფიქრა და რეესტრში აღარ დარეგისტრირდება. „მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია“, – განაცხადა მოძრაობამ. მისი თქმით, მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების კრიტიკის გათვალისწინება. ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით აგრძელებს.
„ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საპასუხოდ, მამუკა მდინარაძემ დაწერა ფეისბუქზე: „სამწუხაროდ ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო“.