უცხოეთი
თურქეთი BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადს აკეთებს

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთმა ოფიციალურად განაცხადა BRICS-ში გაწევრიანების სურვილი. ოფიციალური ანკარა ცდილობს გააძლიეროს გლობალური გავლენა და ახალ კავშირებს ამყარებს მისი ტრადიციული დასავლელი მოკავშირეების მიღმა.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის შეხედულებაა, რომ გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი შორდება განვითარებულ ეკონომიკებს – აცხადებენ ადამიანები, რომლებიც ანონიმურობის პირობით იძლევიან ინტერვიუს.
ქვეყნის ახალი დიპლომატიური ბიძგი მის მისწრაფებებს ასახავს, განავითაროს კავშირები ყველა მხარესთან მულტი-პოლარულ სამყაროში და ამავე დროს შეასრულოს ვალდებულებები, როგორც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა.
ევროპასა და აზიას შორის გაჭედილმა თურქეთმა რამდენიმე თვის წინ წარადგინა განაცხადი BRICS-ში გაწევრიანებაზე, ევროკავშირში გაწევრიანების ათწლეულების უშედეგო მცდელობის ფონზე. წინადადება ასევე ნაწილობრივ ნატოს წევრებთან განხეთქილების შედეგიცაა. თურქეთმა მჭიდრო კავშირები შეინარჩუნა რუსეთთან 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
„თურქეთი შეიძლება გახდეს ძლიერი, აყვავებული, პრესტიჟული და ეფექტური ქვეყანა, თუ ის გააუმჯობესებს ურთიერთობებს აღმოსავლეთთან და დასავლეთთან ერთდროულად“, – თქვა ერდოღანმა შაბათს, სტამბულში. ასეთი პოლიტიკის გარდა ნებისმიერი სხვა პოლიტიკა თურქეთს ზიანს მიაყენებს.
BRICS ჯგუფი, რომელსაც ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის გამო ეწოდა სახელი, მოიცავს უმსხვილეს განვითარებად ეკონომიკებს. მან ოთხი ახალი წევრი მიიღო წლის დასაწყისში, როდესაც მის რიგებს შეუერთდნენ ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეთიოპია და ეგვიპტე. საუდის არაბეთი მიწვეული იყო გასაწევრიანებლად, თუმცა სამეფოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
ჯგუფის შემდგომი გაფართოება შეიძლება განხილულ იქნეს 22-24 ოქტომბერს, ყაზანის სამიტზე. მალაიზია, ტაილანდი და თურქეთის ახლო მოკავშირე აზერბაიჯანი ალიანსში გაწევრიანებას აპირებენ.

BRICS-ი თავს დასავლური ფინანსური ორგანიზაციების ალტერნატივად მიიჩნევს, ისეთების როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ახალ წევრებს შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ დაფინანსებაზე მისი განვითარების ბანკის მეშვეობით, ასევე გააფართოვონ თავიანთი პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები.
ერდოღანის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია დიდი ხანია დასავლეთის ქვეყნებს თურქეთის მისწრაფებების ჩაშლაში ადანაშაულებს, თვითკმარი თავდაცვის ინდუსტრიისა და ძლიერი ეკონომიკის შექმნის მიმართულებით. პრეზიდენტმა არაერთხელ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეხედა მისი ხუთი მუდმივი წევრის გაფართოების შესაძლებლობაზე და გამოთქვა ინტერესი გაწევრიანდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი ნატოს კონკურენტ ბლოკად წარმოაჩენენ.
„ჩვენ არ გვიწევს არჩევანის გაკეთება ევროკავშირსა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის, როგორც ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს“, – თქვა ერდოღანმა. „პირიქით, ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობა როგორც ამ, ისე სხვა ორგანიზაციებთან.
BRICS-ის გაფართოებას დიდწილად ჩინეთი განაპირობებს, რომელიც თავისი გლობალური გავლენის გაზრდას ცდილობს აშშ-სთან ტრადიციულად მოკავშირე ქვეყნების გადაბირებით.

თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე 2005 წლიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა უამრავი დაბრკოლების, განსაკუთრებით “დემოკრატიული უკუსვლის” გამო თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ჩიხშია შესული.
თურქეთს მიაჩნია, რომ BRICS-ში გაწევრიანებას შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას გააუმჯობესოს ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან და ჩინეთთან და გახდეს სავაჭრო მიმწოდებელი ევროკავშირსა და აზიას შორის.
ერდოღანის ადმინისტრაცია ცდილობს მოიზიდოს ინვესტიციები ჩინელი ელექტრომობილების მწარმოებლებისგან, რომლებსაც შეუძლიათ პოტენციურად ისარგებლონ თურქეთის საბაჟო კავშირით ევროკავშირთან.„BRICS არის ორგანიზაცია, რომელიც ზრდის მიდგომების, იდენტობებისა და პოლიტიკის მრავალფეროვნებას გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში“, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ივნისში BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასწრების შემდეგ.

მიუხედავად ამისა, თურქეთი პარალელურად კვლავ ცდილობს განაახლოს ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებები. ეს ამოცანა რჩება „სტრატეგიულ სამიზნედ“, თქვა ფიდანმა გასულ კვირას მას შემდეგ, რაც დაესწრო არაფორმალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირის კოლეგებთან, პირველად ხუთი წლის განმავლობაში.

geo-first.com