აქტუალური
წლიური ინფლაცია ივლისში 8,5 პროცენტამდე შემცირდა

inflacia10საქსტატის მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილი შედეგების მიხედვით, ივლისში წლიური ინფლაციის დონე 8.5 პროცენტამდე შემცირდა წინა თვეში დაფიქსირებული 10 პროცენტიდან.

ოფიციალური მონაცემებით, ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონის შემცირებაზე გავლენა იქონია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების 5.1 პროცენტით შემცირებამ. ამ ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანების ქვეჯგუფზე – 23.3 პროცენტით, ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე – 16.3 პროცენტით, თუმცა ფასები გაიზარდა შაქარსა და ტკბილეულობაზე – 4.9 პროცენტით.

წინა თვესთან შედარებით, ფასები 7.4 პროცენტით გაიზარდა ტრანსპორტზე, რომლის წვლილმაც ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0.77 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული განაპირობა ფასების 18.4 პროცენტით ზრდამ ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობაზე.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, წინა წლის ივლისთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (16.6 პროცენტით) და ტრანსპორტის ჯგუფზე (16.3-ით) გაიზარდა, შემდეგ მოდის სასტუმრო, კაფე და რესტორნის ჯგუფი (10 პროცენტით), ალკოჰოლიანი სასმელები, თამბაქო 8.9-ით; ყველაზე მეტი კლება კი, 14.2 პროცენტით კავშირგაბმულობის ფასებმა განიცადა.

12-თვიან პერიოდში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე – 30.4 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხის ქვეჯგუფზე – 26.4 პროცენტი , ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 26.1, ზეთსა და ცხიმზე – 25.6, პურსა და პურპროდუქტებზე – 21.9; ბენზინზე – 17.3, დიზელზე – 22.5, ქალაქს შიგნით ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობაზე – 22.1 პროცენტი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციის კლების დინამიკის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ივლისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც თებერვლიდან 8პროცენტზე იყო შენარჩუნებული, 7.75 პროცენტამდე შეამცირა.

 

საქინფორმი