საზოგადოება
ქუთაისში დევნილთა გამოსახლება იგეგმება

devnilebi9როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს საქინფორმს, „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ დევნილთა გამოსახლების მორიგი ეტაპი ქუთაისში იგეგმება.

„ჩვენი ინფორმაციით, პირველად წყალწითელას პანსიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს გამოასახლებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთებულია ქუთაისში სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა. მათი თხოვნით, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციამ დაიწყო აქტიური მუშაობა, რათა შეიქმნას სოლიდარობის კომიტეტი, რომელიც გამოსახლების დაწყების შემთხვევაში, მზად იქნება, გაუკეთოს ორგანიზება ქუთაისში მცხოვრებ დევნილთა აქციებს, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ, გადაიფიქროს ერთხელ უკვე საკუთარი სახლებიდან გაძევებული ადამიანების უსახლკაროდ დატოვება.

მოვუწოდებთ ქუთაისელებს, ნუ იქნებიან გულგრილნი დევნილთა პრობლემის მიმართ და საჭიროების შემთხვევაში დადგნენ მათ გვერდით“, – ნათქვამია საქინფორმისადმი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძის გზავნილში.

 

საქინფორმი