აქტუალური
სკანდალი „სირცხვილიასთან“ დაკავშირებით: ორგანიზაციამ საბოლოოდ რეგისტრაციაზე უარი განაცხადა

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „სირცხვილიამ“, რომელიც ცნობილია 2019 წლიდან ყველაზე რეზონანსულ აქციებში მონაწილეობით, თავიდან შეიტანა განაცხადი უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში ნეგატივის გამო ეს განაცხადი გააუქმა.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების რეგისტრაცია 1 აგვისტოს დაიწყო. 29 აგვისტოსთვის განაცხადი შეიტანა 360-მა ორგანიზაციამ, მათ შორის „სირცხვილიამ“, რომელიც „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

„გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციამ განაცხადი შეიტანა იმ დროს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე სარჩელის განხილვა დაიწყო.

„გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, 122-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ორმა მედიაორგანიზაციამ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ისინი ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.

იმის შესახებ, რომ „სირცხვილიამ“ რეესტრში განაცხადი შეიტანა, ცნობილი გახდა 30 აგვისტოს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეორგოლიდან.

როგორც მანამდე ორგანიზაციამ განაცხადა, რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიების ჩასატარებლად. ამ დროისთვის ვიდეორგოლი, რომელზეც უამრავი ნეგატიური კომენტარი დაიწერა, წაშლილია.

„გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს. ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, „სირცხვილია“ არ აპირებს ჯარიმების გადახდას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში ასევე განაცხადეს, რომ გიორგი მჟავანაძე დირექტორის პოსტს ტოვებს. „მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით ვაგრძელებთ. მადლობა თანამოაზრეებს გულწრფელი კრიტიკისა და რჩევებისთვის“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოძრაობა „სირცხვილია“ პოპულარული 2019 წელს გახდა, როდესაც მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები 20 ივნისის ღამეს პოლიციის ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ. მაშინ არეულობაში80 პოლიციელი და 160 მომიტინგე დაშავდა, მათ შორის ორმა ნაწილობრივ მხედველობა დაკარგა, ასობით ადამიანი კი დააკავეს.

რეგისტრაციის გაუქმებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

„სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო“, - წერს მდინარაძე.

იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიებმა, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა", უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის არაუგვიანეს 2 სექტემბრისა და რეგისტრაციის შემდეგ დეკლარაცია შეავსონ. საუბარია 2023 წლის ფინანსებზე.

რეგისტრაციაზე თავის არიდების შემთხვევაში ორგანიზაციები 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ასეთი ორგანიზაციების გამოსავლენად საჭირო იქნება მონიტორინგის ჩატარება, რასაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით ერთიდან სამ თვემდე დასჭირდება. დამრღვევის დაჯარიმებას კი კიდევ ერთი თვე დასჭირდება.

კანონის თანახმად, მონიტორინგის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს სამინისტროს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება ან სამინისტროში შესული წერილობითი მიმართვა, რომელიც შეიცავს სათანადო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონკრეტული ორგანიზაცია ექვემდებარება კანონს.

მონიტორინგი არ გულისხმობს ორგანიზაციის ოფისში ინსპექტირების ჩატარებას ან მის სერვერსა და კომპიუტერებზე წვდომას, – აღნიშნა სასამართლო პროცესზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ.

მონაცემების შესაგროვებლად და იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა ორგანიზაცია კანონს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს მხოლოდ მოითხოვოს ინფორმაცია როგორც ამ ორგანიზაციისგან, ასევე ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვა ორგანიზაციებისგან, მაგალითად, ბანკებისგან.