როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდიდან გვატყობინებს, წალენჯიხიდან ჩხოროწყუს მიმართულებით მე-15 კილომეტრზე მდებარე ცნობილი კურორტი სქური უპატრონოდაა მიგდებული. როგორც ცნობილია, მისი მინერალური წყალი საუკეთესო საშუალებაა კუჭ-ნაწლავის, შარდის ბუშტისა და თირკმლით დაავადებულთა სამკურნალოდ. საბჭოთა პერიოდში კურორტი რესპუბლიკური მნიშვნელობის სტატუსის მქონე იყო. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სქურში პატრიოტთა ბანაკი გახსნეს და 25-მდე სპეციალურად აშენებულ კოტეჯში ბავშვები რამდენიმე ეტაპად ისვენებდნენ. ორი წელია, რაც ხელისუფლებამ მთელი ყურადღება ანაკლიისკენ გადაიტანა და სქურის პატრიოტთა ბანაკი უმოქმედოდ დარჩა.
არ ფუნქციონირებს სქურის დასასვენებელი სახლები და კვების ობიექტები, რომლებიც ჩხოროწყუს მკვიდრის, თბილისში მცხოვრები ბიზნესმენის – ემზარ მორგოშიას, საკუთრებაა. ერთადერთი პიროვნება, ვისაც სქურში შეხვდები, რეზო კვარაცხელიაა, რომელსაც სახლი დაეწვა და მორგოშიას კუთვნილ დასასვენებელ კორპუსში ცხოვრობს ოჯახით.„გული მწყდება, რომ სქური ასე უპატრონოდაა მიგდებული და უმოქმედოა. არადა, სქურის წყალი უნიკალურია თავისი თვისებებით, უნიკალურია მისი ადგილმდებარეობაც. კურორტი რომ კეთილმოწყობილი იყოს, მას დამსვენებლები არ მოაკლდება“, – აღნიშნა რეზო კვარაცხელიამ.
სქურს მიხედვა სჭირდება როგორც მისი მეპატრონისაგან, ისე სახელმწიფოსგან, რომელიც მარტო ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკობს. თუმცაღა ტურიზმიც არის და ტურიზმიც: ამჟამინდელი ხელისუფლება მარტო ბათუმისა და სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებით არის დაინტერესებული, ანუ იმით, თუ როგორ მიიზიდოს უცხოელები და „გააოცოს“ დაუსრულებელი შოუებით, კონცერტებითა და შადრევნებით...
ამიტომ გაუმარჯოს ტურიზმის პიარს და ნუ ვიზრუნებთ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე!
საქინფორმი