რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი : ვის სჭირდება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა?

  „დასავლეთის ფრონტზე ცვლილებების გარეშე" (გერმ. Im Westen nichts Neues, სიტყვასიტყვით "დასავლეთში სიახლე არ არის") - ერიხ მარია რემარკის ანტისაომარი რომანი, რომელიც აღწერს ომის საშინელებებს და მოგვითხრობს მის მსხვერპლზე, რითაც ამხელს მის ყველა მიმდევარს. დასავლეთმა თავისი აგენტების მეშვეობით საქართველოს (მოგვიანებით - უკრაინას) თავს მოახვია ომები რუსეთთან, საქართველოს ხელისუფლება ამ სიმართლის ხმამაღლა გამოცხადების პირობას დებს არჩევნების შემდეგ. „გლობალური ომის პარტია“ (კრებსითი ცნება რომელიც ბიძინა ივანიშვილის „წყალობით“ დამკვიდრდა პრო-სახელისუფლებო ქართველი პოლიტიკოსების ყოველდღიურ ლექსიკონში, გულისხმობს ომების ყველა მხარდამჭერს ამერიკაში, ევროკავშირსა და საქართველოში) დღესაც იმედოვნებს, რომ წააქეზებს საქართველოს „მეორე ფრონტისკენ რუსეთთან კავშირის სამუდამოდ გაწყვეტის მიზნით.

მოსკოვი-თბილისი

   საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების თემაზე უამრავი მასალის მიუხედავად, მკითხველები და ჟურნალისტები მუდმივად ინტერესდებიან - მართალია თუ არა, რომ მალე დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება? მართალია თუ არა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაბრუნდება? არ მეგონა, რომ კვლავაც საჭირო იქნებოდა ამ საკითხისთვის ნათელის მოფენა! მეორეს მხრივ, ალბათ არსებობს ამის საჭიროება, რადგან აქ ყველაფერი "ისე როდია", როგორც მოსკოვში ჰგონიათ. შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფალთ ერთმანეთს არ ეყურებათ და თითოეული თავისას ამბობს სასურველის სინამდვილედ გასასაღებლად.

დაე იყოს ასე - კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით, კომენტარს გავაკეთებ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში რეალურ ვითარებაზე, უფრო სწორად - რას ფიქრობს თბილისი, რადგან ეს ეხება ორი, ოდესღაც ერთ-ერთი უახლოესი ხალხის ბედს, რომლებსაც დღემდე ბოლომდე ვერ გაუგიათ -

როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

   ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საკმარისია ვნახოთ, რას უშვრებიან უკრაინას 2013 წლიდან, რადგან 10 წლის წინ, 2003 წელს, ეს წარმატებით უქნეს საქართველოს. თავიდან ჩვენი დასავლელი „მეგობრები“ (აშშ და სხვები) შეეცადნენ ჩვენს შემცირებას - ტერიტორიულადაც და რიცხობრივადაც, შვილების მშობლებისგან განცალკევებას, რათა ებატონათ. ამასობაში უფროსი თაობა ბუნებრივად შემცირდა, ახალი თაობა კი ტყუილში აღიზარდა ყველაფერზე, რაც გვაერთიანებდა - დიდ სამამულო ომზე, სტალინსა და დიად გამარჯვებაზე, სსრკ-ს ხალხთა მეგობრობაზე, მართლმადიდებლობაზე და პატრიარქზე; მათ „საბჭოთა“ მშობლებისადმი სიძულვილს, რუსოფობიას და ფსევდო-ლიბერალური ღირებულებებს უნერგავდნენ, რამაც სულაც არ შეუწყო ხელი ძლიერი ჰეტეროსექსუალური ოჯახების შექმნას და, რა თქმა უნდა, შობადობას. დემოგრაფიულმა კატასტროფამაც არ დააყოვნა - სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას და ქართველმა ერმა დაიწყო გადაშენება (როგორც ახლა უკრაინელმა ერმა), ან სხვებთან ასიმილაცია, უკვე მერამდენედ დასავლეთსა და რუსეთში ემიგრაციით.

აი ასე მივედით იქამდე, რომ დღეს საქართველოში ვერ მოისმენთ პუშკინს და ლერმონტოვს, რახმანინოვს და ჩაიკოვსკის და რა არის დასამალი - დღეს ვერ მოისმენთ ქართველ კლასიკოსებსაც - ისინი უბრალოდ არ არიან საკონცერტო დარბაზებისა და თეატრების რეპერტუარებში. ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის რენესანსის ოქროს ხანა, მიუხედავად საბჭოთა კავშირში არსებული ცენზურისა, წარსულს ჩაბარდა. დღეს საქართველოში კრიზისია, აკრძალვების არარსებობის მიუხედავად, არ იქმნება შედევრები, არ არსებობენ ახალი ქართველი ტალანტები - მხატვრები, კლასიკური მუსიკის შემსრულებლები და მსოფლიო დონის კომპოზიტორები, მწერლები და პოეტები, რეჟისორები და მსახიობები, რომლებიც შეიძლება ოდნავ მაინც შევადაროთ ქართველ ხელოვანთა დიდ კოჰორტას! ჩვენ ვხედავთ მასობრივ დეგრადაციას, როდესაც 90-იანი წლების „რევოლუციური“ თაობა, ნაციონალისტური იდეების კულტითა და საბჭოთა კავშირის ნგრევის იდეით მოწამლული, საშუალო თაობად გადაიქცა, მაგრამ უწინდებურად წარმოდგენა არ აქვს საქართველოს ისტორიაზე, მის კულტურასა და ტრადიციებზე, რომლებიც განუყოფლად არის დაკავშირებული რუსულ კულტურასა და რუსეთის ისტორიასთან.

„მაკდონალდსმა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაუნაცვლეს მათ შთამომავლებს - დღეს ავანსცენაზე გამოსულ მილენიუმის თაობას (GEN Z) - ხელოვნების ტაძრები და ქრისტიანული ეკლესიები; ეკლესიებში, მეჩეთებსა და სინაგოგებში მქადაგებლები შეცვალეს აგიტატორმა-პროპაგანდისტებმა: დასავლურმა აგიტპრომმა და პოპ-კულტურამ - ქართული კლასიკური მუსიკა, ქართული კინემატოგრაფის, ფერწერის, ლიტერატურის, თეატრისა და არქიტექტურის შედევრები, რომლებმაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს საზღვარგარეთ; ჯინ შარპის, პიტერ აკერმანისა და ჯორჯ სოროსის სახელმძღვანელოებმა, რომლებიც საშუალო კოგნიტურ შესაძლებლობებსა და უღიმღამო ინტელექტზეა გათვლილი, ჩაანაცვლა აკადემიური განათლება და მეცნიერება. ნათქვამიდან და არანათქვამიდან გამომდინარე ჩნდება შემდეგი კითხვა:

ვის სჭირდება დღეს საქართველოში რუსეთთან წინდელი ურთიერთობების აღდგენა?

   „ივანიშვილმა და პუტინმა სააკაშვილის შემდეგ უკვე აღადგინეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო: პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა და ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ბიზნესი და ფულადი გადარიცხვები, უვიზო რეჟიმი და ტურიზმი. საქართველოში ყველა - მდიდარიც და ღარიბიც, პროდასავლელიც და პრორუსიც - რუსულ პურს მიირთმევს, რადგან რუსეთი საქართველოში მარცვლეულის ერთადერთი მომწოდებელია; რუსეთი საქონლისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორია, რუსული ბაზარი კი ქართული პროდუქციისთვის მთავარია; რუსი ტურისტები ყველაზე მრავალრიცხოვანია, ტურიზმი კი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი და შემოსავლის მთავარი წყაროა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არის მთავარი მარჩენალი, მთავარი დამსაქმებელი, მთავარი ინვესტორი და სპონსორი. კიდევ რისი მოტანა შეუძლია, გარდა ზემოაღნიშნულისა, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას?“ - ფიქრობს ქართველი ობივატელი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც გამოირჩევიან ულტრა-მომხმარებლური შეხედულებებით. ქართველი პოლიტიკოსებიც ასე ფიქრობენ - რადიკალურმა ოპოზიციამ და დღევანდელმა ქართველმა ხელმძღვანელებმაც კი, რომლებიც დღევანდელ ოპოზიციონერებთან ერთად გაიზარდნენ ერთსა და იმავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, გაიარეს იგივე ტრენინგები, მოუსმინეს იმავე დასავლელ პოლიტტექნოლოგებს, დაამთავრეს იგივე ამერიკული და ევროპული კოლეჯები, ცხოვრობდნენ და სტაჟირებას გადიოდნენ აშშ-სა და ევროკავშირში, იქვე ხსნიდნენ ანგარიშებს და უძრავ ქონებას და იქვე სწავლობენ მათი შვილები, საქართველოს მომავალი მმართველები.

   ერთი მითხარით, განა საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და „თავისუფლების ქარტია“ ვინმემ გააუქმა? ვინმემ დახურა „ოკუპაციის მუზეუმი“ და გააუქმა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 თავის 78-ე მუხლი „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, სადაც ნათქვამია: „საკონსტიტუციო ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ ყველა ზომას საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“? მეტიც, გორში მდებარე „ოკუპაციის მუზეუმის“ გარდა, 8 აგვისტოს, სადემარკაციო ხაზის მახლობლად, „ომის მუზეუმი“ გაიხსნა! განა საქართველომ შეწყვიტა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა? იქნებ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, პარტია - უცხოური გავლენის აგენტი, ანდა დასავლური ინსტიტუტი, ფონდი, მისია, ან ნებისმიერი სხვა უცხოური წარმომადგენლობა მაინც დაიხურა?

მაშინ რა წინაპირობები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის?! სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და მეგობრული ურთიერთობა ირანთან? თუ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მზადების პროცესში მყოფი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“? როგორმე ხომ უნდა მოვიპოვოთ ამომრჩევლის სიმპათია საპარლამენტო არჩევნების წინ, ხომ უნდა ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ ივანიშვილის „ქართული ოცნება“ არ არის შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“, ანუ თვინიერად არ წავა პოლიტიკური სცენიდან სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის დასავლეთის გრანტებზე თვალის დახუჭვით! აი მერე კი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობა იმედოვნებს, რომ გააგრძელებს პარტნიორობას დასავლეთთან, მაგრამ უკვე - თანაბარ პირობებში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მთელი გეგმა, შემთხვევითი როდია, რომ ახალი მორიგე სიტყვა, რომელსაც ქართველი ხელისუფალნი თუთიყუშებივით იმეორებენ ნებისმიერი საბაბით, ესაა - „ღირსება“: „ევროკავშირში - ღირსებით“, პარლამენტში დელეგატებიც - "ღირსეული" არიან და "ევროპული მომავალიც ღირსეულია". „ღირსებამ“ შეცვალა „კოლექტიური“ - „კოლექტიური დასავლეთი“, „კოლექტიური „ნაცმოძრაობა “, „კოლექტიური მიხეილ სააკაშვილი“, ხოლო „კოლექტივამდე“ მოდაში იყო სიტყვა „გლობალური“ („ომის პარტია“ და სხვ. - იხ. ზემოთ).

   რაც შეეხება უარს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე და მისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, აქ სამარჩიელოც არაფერია: ბიძინა ივანიშვილი როდია არასტაბილური ფსიქიკის მქონე ავანტიურისტი, მოღალატე და უცხოეთის აგენტი მიხეილ სააკაშვილი, სექს მანიაკი და ნარკომანი. ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილისგან განსხვავებით, გაიზარდა ხელმოკლე, მაგრამ ტრადიციულად კეთილსაიმედო ოჯახში და მიიღო ხარისხიანი საბჭოთა განათლება. ივანიშვილი მილიარდერია, რომელმაც საქართველოში დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი დახარჯა - დენდროპარკზე, მუზეუმებზე, თეატრებზე, ეკლესიებზე, სამების საკათედრო ტაძარზე, შემწეობებსა და თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაზე.

   (ბევრს ჰგონია, რომ ამცირებ ბიძინა ივანიშვილს, როცა ამბობს, რომ ის წარმოშობით სოფელ ჭორვილდანაა. მერე რა, ვპასუხობ მათ, აი მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა! და რას ვხედავთ დღეს?! საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი ივანიშვილი, რომელიც დაიბადა მშრომელ ოჯახში და მილიარდერი გახდა თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანაში (რომელიც იყო აბჭოთა ლაბშრი, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით!), და ცუდად აღზრდილი ქალი, უხეირო განათლებითა და 72 წლის მანძილზე განუვითარებელი ინტელექტი - მშობლიურ ქართულსაც კი ვერ დაეუფლა...)

ივანიშვილი საქართველოში დაბრუნდა ოჯახთან ერთად, თუმცა საფრანგეთის მოქალაქეა და წარმატებული ბიზნესით იყო დაკავებული საფრანგეთსა და რუსეთში. პრეზიდენტი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოდან გაიქცა და ნებაყოფლობით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, ივანიშვილი არ გადააქცევს თავის სამშობლოს განადგურებულ უკრაინად, რაც ნიშნავს სამხედრო კონფლიქტს რუსეთთან. ივანიშვილს, სააკაშვილისგან განსხვავებით, არ აქვს ილუზიები და არ უღალატია ქართველი ხალხისთვის, რადგან ესმის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები საქართველოსთვის ეკონომიკურ თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან ისინი იქცევა სანქციებად თავად საქართველოს წინააღმდეგ, რომლის პირველი ექსპორტიორიცა და იმპორტიორიც რუსეთის ფედერაციაა.

ამის გამო სანქციებს დაექვემდებარა თავად ბიძინა ივანიშვილი - შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა მისგან დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ექსპროპრიაცია მოახდინა, რომლის დაბრუნებასაც იგი ეტაპობრივად სასამართლო გზით ცდილობს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილს არავითარი ილუზიები არ აქვს ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან დაკავშირებით, რომელსაც, თავისი ბექგრაუნდიდან გამომდინარე, არ შეუძლია საქმის წარმოება არც რუსებთან, არც აფხაზებსა და ოსებთან. ამიტომაც ივანიშვილი თავს იკავებს - არ რეაგირებს წინადადებაზე, დაიწყოს მზადება გაშუამავლებული დიალოგისთვის რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან - "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრთან" (გაშუამავლებულთან, რადგან ექს-პრემიერი ოფიციალურად დღეს საქართველოს ხელისუფლების მეთაური არ არის). „ცეცხლსა და წყალში ნაწრთობი“ მილიარდერის იდეა ასეთია:

დააინტრიგოს დასავლეთი საქართველოს შესაძლო ალიანსით რუსეთთან

   ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლეთმა ზედმეტად გაამკაცრა ტონი საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მისთვის ჭკუის სწავლება უპრიანია იმის მინიშნებით, რომ ევროატლანტიკური არჩევანი ხელისუფლებისთვის არავითარ შემთხვევაში არ არის უალტერნატივო და ოფიციალური თბილისი მზადაა განიხილოს ვარიანტები... გულწრფელად რომ ვთქვათ, ასეთი ინტრიგა უაღრესად სახიფათოა, ისევე, როგორც რეფერენდუმად გამოცხადებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - „ან - დასავლეთის კოლონია, ან - ...“ - დასკვნის გაკეთებას ივანიშვილი „გლობალური ომის“ იდეოლოგებს მიანდობს. ბალანსირება ზღვარზე, სანამ რუსეთი ხერხემალში არ გადატეხს უკრაინას და ტრამპი არ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი და შემდეგ მათთვის იმის განცხადება, რომ აქაოდა, თქვენ მაინც წააგეთ, ჩვენ კი ვართ „თქვენიანები“ და სხვები (რადიკალური ოპოზიცია) აღარ გჭირდებათ. მეორე მხრივ, 2012 წლის დაპირებები - სააკაშვილის გასამართლება 2008 წლის ომისთვის და უცხოელი აგენტების პარტიის რეგისტრაციის გაუქმება, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიის 20% ჩააბარეს, ძნელი შესასრულებელია. მაგრამ ფსონი ფორს-მაჟორზე დევს, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდს დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს და უმჯობესიც კია „ძველებისა და ნაწრთობების“ ბოლომდე გამოყენება. ამასობაში -

დასავლეთის ფრონტზე ცვლილება არ არის

   ხელისუფლება და ოპოზიცია, პრეზიდენტი, „პოლიტოლოგები“ და ყველა ტელეკომპანია რუსეთს ერთხმად რაცხავს ოკუპანტად. მართალია, ხელისუფლება აზუსტებს, რომ სააკაშვილი „პროვოკაციას წამოეგო“, მაგრამ არ აღიარებს, რომ ომი მან პირველმა დაიწყო 7 აგვისტოს - აქაოდა, რუსული არმია პირველი შემოვიდა 8 აგვისტოს, ქართველი ჯარისკაცები გმირები არიან, "ნაცები" კი მოღალატეები, რადგან დაეთანხმნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას და ტალიავინის კომისიის დასკვნას. თუმცა, ჯარისკაცების გმირობით სპეკულირება უადგილოა, ნებისმიერი ჯარისკაცი ასრულებს მეთაურის ბრძანებას და არ არის პოლიტიკოსი, რომ განისაჯოს. სამართლიანობისთვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააჯილდოოს ის რუსი მფრინავი, რომელმაც ათი ათასიან ბრბოდ ქცეული ქართველი რეზერვისტების გარშემო რაკეტებს ყრიდა და ამით მათ თავშესაფარში - ტყისკენ მიერეკებოდა. განა იმ 10 ათასი ქართველის გადარჩენისთვის ის ორდენს არ იმსახურებს?!

   რაც შეეხება ფსევდო-პრორუსული „კონსერვატიულ-პატრიოტული“ ძალების ალიანსს: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის ტრენდი, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების რფ-ის გარანტიებით დარეგულირებაზე, რუსეთთან საქართველოსთვის უაღრესად მომგებიანი სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმის დამყარებაზე (ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობაზე გაცილებით უფრო მომგებიანისა), ანდა განაცხადზე BRICS-ში და/ან EAEU-ში გაწევრების შესახებ, რომელსაც ერთვის სარეკომენდაციო წერილები რუსეთისგან, მიზანმიმართულად დისკრედიტირდება ქართველი საზოგადოების თვალში - გამოსასყიდად მიეგდო ავანტიურისტული სულისკვეთების ენთუზიასტ კომბინატორებს (იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებიც განცალკევებით დგანან და საერთო სურათს ვერ ცვლიან). უპასუხისმგებლო კონფორმისტები სახელისუფლებო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილების გარეშე, რომლებსაც არ გააჩნიათ რუს პოლიტიკოსებთან, ასევე აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები, ქართველი და რუსი საზოგადოებისთვის უცნობნი, ერგო - ვერ სარგებლობენ ავტორიტეტით მოსკოვში, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში, ვერასოდეს იქცევიან "ჭადრაკის დაფის ფიგურებად" რუსეთთან "ნაყოფიერი დებიუტისთვის".

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 25 აგვისტო
საქართველო, თბილისი