საქართველოს სახალხო დამცველმა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ნიკა მელიას მსჯავრდებულ გიორგი წიკლაურის 2010 წლის 30 ნოემბრისა და 2010 წლის 20 დეკემბრის წერილებით მოთხოვნილი პერსონალური ინფორმაციითა და იურიდიული კონსულტაციით სრულად უზრუნველყოფის თაობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მასალის მიხედვით, 2011 წლის 5 მაისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი წიკლაურმა ინფორმაციის სრულყოფილად მიუღებლობასთან დაკავშირებით.განცხადებიდან და მასზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2010 წლის 30 ნოემბერს გიორგი წიკლაურმა საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მოითხოვა დაცვის უფლების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება. 2010 წლის 14 დეკემბრის საპასუხო წერილით გიორგი წიკლაურს არასრულყოფილად გადაეგზავნა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მან 2010 წლის 20 დეკემბერს განმეორებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. თუმცა 2011 წლის 1 თებერვლის კორესპონდენციით გიორგი წიკლაურს იმავე შინაარსის წერილი გადაეგზავნა. ამასთან, განემარტა, რომ მისი მოთხოვნა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა განმარტების თაობაზე სააღსრულებო ბიუროს კომპეტენციას სცილდებოდა.
საქმეზე არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გიორგი წიკლაურს ზემოაღნიშნული წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ უნდა მიწოდებოდა და უნდა გაწეოდა შესაბამისი იურიდიული კონსულტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან. ამდენად, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 39-ე მუხლით დაცული უფლებები. ამასთან, დარღვეულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებული იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფის ვალდებულება.
საქინფორმი