სამართალი
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში, ლოგიკური იქნება მანდატების შეჩერება პარტიის იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პარლამენტში შევლენ

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. მოლდოვის პარლამენტი არის, პრაქტიკულად, ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში,ისე უკრაინაში. ეს არის და ეს. მე მგონია,რომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, მიდგომა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ყველა ოპოზიციური პარტია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“ და უნდა აიკრძალონ, მოიტანს თუ არა იმას, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პარლამენტი იქნება ერთპარტიული.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას: იმ ფონზე, როცა მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე საუბრობს, გაუუქმდებათ თუ არა მანდატები „ნაციონალური მოძრაობის“ იმ დეპუტატებსაც, რომლებიც პარლამენტში შევლენ.

ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მანდატების განულება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვას ლოგიკური გაგრძელება ექნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით,როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. აქედან გამომდინარე, ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება. პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, პარლამენტის სავარაუდოდ ერთპარტიულად დარჩენის შემთხვევაში, დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ კრიტიკაზე, როგორც ეს იყო 2020 წელს და ასეთ ვითარებაში, ეს პროცესი შეუშლის თუ არა ხელს ევროინტეგრაციას.

მაშინ სხვა დრო იყო. თქვენ გახსოვთ, პირდაპირ რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ ძალებს, ეს ვერ განმეორდება საქართველოში. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მერწმუნეთ, რომ ასეთ მცდელობას საქართველოში ვეღარავის ვეღარ ექნება- ხელოვნურად მოაწყოს ამ ქვეყანაში რევოლუცია. მაშინ კონკრეტული ძალები პირდაპირ ცდილობდნენ რევოლუციის მოწყობას ამ ქვეყანაში. დღეს, სხვა სიტუაციაა, ასეთი რამ ვერ განმეორდება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ...

მოლდოვის პარლამენტი დღეს, პრაქტიკულად, ერთპარტიულია, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. არაფერი ხდება ასეთ დროს. მოლდოვის პარლამენტი არის პრაქტიკულად ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში,ისე უკრაინაში. ეს არის და ეს. მე მგონია,რომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით. ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს იყო სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. თქვენ გახსოვთ,რომ ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ვერცერთ ოპოზიციურ ძალას, მათ შორის მარიონეტს სალომე ზურაბიშვილს, რომ ქვეყანა იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. როგორც კი აიკრძალება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაშინვე მოეხსნება დაბრკოლებები ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა კობახიძემ.