აქტუალური
პრემიერმა დაადასტურა, რომ “ოცნება” ყველა ახლანდელი ოპოზიციური კოალიციის აკრძალვას გეგმავს

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება” ყველა იმ ოპოზიციური ძალის აკრძალვას გეგმავს, რომელიც მომავალ არჩევნებში მას უპირისპირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ “რეალურად, ყველა ეს სუბიექტი არის ერთი პოლიტიკური ძალა — კოლექტიური ნაცმოძრაობა. ისინი პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც სამართლებრივადაც მტკიცდება […]. ამიტომ, სამართლებრივი საჩივარი თუ სარჩელი იქნება სათანადოდ დასაბუთებული და დამტკიცდება, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთად ემსახურება დანაშაულებრივ საქმეს”.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს ოცნება არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ესაა კოალიცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარშემო და ასევე “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც “განეკუთვნება – “ახალი”, “გირჩი”, “დროა” პრემიერის თქმით, “ყველა ამ ლიდერს აქვს წარსული დაკავშირებული “ნაცმოძრაობასთან” და ყველა ამ პოლიტიკოსს აწმყოც “ნაცმოძრაობასთან” აქვს დაკავშირებული”. ცნობისათვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უძღვება კოალიციას “ერთიანობა – საქართველოს გადასარჩენად”, ხოლო “ახალი” “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი მთავარი პარტიაა.

მან ასევე დასძინა, რომ პარტია “ლელოს” გარშემო შექმნილი კოალიცია “პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესრეკეტში [ნაციონალური მოძრაობის რეჟიმთან ერთად] და ესეც უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი”.

ქართული ოცნების ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე საუბრისას, პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ გიორგი გახარიას შექმნილი აქვს “კოალიცია ნაცმოძრაობასთან ოთხ მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ერთი კოლექტიური კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ინსტანციები”.

პრემიერმა ასევე განავრცო, რომ აღნიშნული მოძრაობების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, ანუ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების კანონიერი ძალაუფლების მქონე ორგანოს ხელთ არ იყოს. ნაცვლად ამისა, “გამოძიება შეიძლება პროკურატურამ დაიწყოს, ან შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც აღნიშნულს შეისწავლის”.

კობახიძემ ასევე დაადასტურა, რომ საპარლამენტო მანდატების წართმევა ამგვარი აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა. “არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის წევრი”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.