პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდება

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე 2025 წლის 1 იანვრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდება - შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 20 აგვისტოს მოაწერა.

კობახიძემ განკარგულებას მოაწერა ხელი და პატარაძის გათავისუფლების წინადადება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარუდგინა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

პატარაძე ამ პოსტს 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა. 2016-2018 წლებში იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მანამდე კი საქართველოს ელჩი თურქეთსა და ყაზახეთში.

2004-2007 წლებში პატარაძე იყო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის უფროსი.

2007-2009 წლებში - საქართველოს საელჩოს კონსული რუსეთის ფედერაციაში.

მას შემდეგ, რაც 2008 წელს საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, 2009 წლის 4 მარტიდან 1 მაისამდე იყო კონსული შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში.