საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საუბარია აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებაზე, რომელსაც თურმე საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება - რა ცვლილება უნდა სჭირდებოდეს აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებას? ფაქტობრივად, ალბათ, იგულისხმება კონფედერაცია - აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი შეფასებით, ეს განცხადება არის “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა, რასაც შეიძლება გამოცხადებული ღალატის პროგრამა უწოდო.
როგორც გოცირიძემ განმარტა, “ქართული ოცნება” პირდაპირ რუსეთის დავალებით მოქმედებს და მათი ეს განცხადება დასავლეთისაგან ქვეყნის ჩამოცილებისა და რუსეთში ინტეგრაციის პროგრამაა.
„დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება არის “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა. ამას შეიძლება უწოდო გამოცხადებული ღალატის პროგრამა. პირდაპირ არის თავდასხმა როგორც ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე, ასევე ზოგადად ოპოზიციაზე, რომელიც თურმე იმართება ამერიკისა და ევროკავშირის მიერ. ასეთი ტექსტით დღეს ლუკაშენკოც კი არ ლაპარაკობს. თანაც ოპოზიციის გასანადგურებლად და შემდეგ მათი მიზნების მისაღწევად საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების სახით მათ სჭირდებათ თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება. ყველა დეტალი, თუ რისთვის სჭირდება “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა, ასევე შეიძლება ქვეყნის ღალატად დახასიათდეს. მაგალითად, საუბარია თურმე აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებაზე, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. რა ცვლილება უნდა სჭირდებოდეს აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებას? ფაქტობრივად, ალბათ, იგულისხმება კონფედერაცია - აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო თურმე შეიძლება კონსტიტუციურად კონფედერაციულ ერთეულში გაერთიანდეს, საიდანაც გამოყოფა ელემენტარულია - ვიცით რა კონფედერაციის შინაარსი. ისევე როგორც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სხვა გადაწყვეტილებების შესახებაც სჭირდებათ. ალბათ, იგულისხმება, მაგრამ ჯერ არ ამბობენ, რომ კონსტიტუციიდან ამოღებული იქნას ის მუხლები, რომელიც ჩვენს ხალხს გარანტიას აძლევს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა. “ქართული ოცნება” პირდაპირ რუსეთის დავალებით მოქმედებს. მათი ეს განცხადება არის დასავლეთისაგან ქვეყნის ჩამოცილებისა და რუსეთში ინტეგრაციის პროგრამა. ეს ხელისუფლება უკვე უკიდურესად საშიში გახდა და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ამ მოღალატე რეჟიმის გასტუმრება პოლიტიკურ საიქიოში არჩევნების გზით”, - აღნიშნა გოცირიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ ძირითად პუნქტებზე, რისთვისაც სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.
გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, რამდენიმე საკითხთან მიმართებაში გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომელთა შორისაც ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხიც არის.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“.