საზოგადოება
ყაზტრანსგაზი მრიცხველებს სადარბაზოებში ამონტაჟებს

gazi5როგორც დიღმის მასივის მოსახლეობის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, მასივში გამალებით მუშაობს კომპანია „ყაზტრანსგაზი“.

ადგილობრივთა განცხადებით, სადარბაზოებში მიმდინარეობს გაბურღვითი სამუშაოები, აპირებენ რკინის მილების პლასტმასის მილებით შეცვლას, რაც, მცხოვრებთა თქმით, სულაც არ იქნება უსაფრთხო.

„ყაზტრანსგაზის მთავარი მიზანია, შეცვალოს მრიცხველები – თითქოსდა მოსახლეობა გაზს იპარავს ან ძველი მრიცხველები მწყობრიდანაა გამოსული. მათი ეჭვის საფუძველზე ლაბორატორიაში თავად მფლობელმა უნდა წარადგინოს, ეს ყველაფერი მოსახლეობის გაღლეტისა და დაუცველობისკენაა მიმართული. რამდენჯერ გაუვიდათ... ახლა რომელიღაც კომპანიამ ახალი მრიცხველების გასაღება მოინდომა. თუ არ ვარგოდა ძველები, ადრევე შეემოწმებინათ, თუ არადა, კეთილი ინებოს კომპანიამ, და ხარჯი თავად დაფაროს. სულ რამდენიმე წლის წინათ გამოცვალეს და ისედაც დიდი თანხა დაგვიჯდა, აღარ ეყოთ?!. ახლა თუ მრიცხველები გარეთ გააქვთ და მილების თანხაც ჩვენი დასაფარია, არ მინდა არც ასეთი გაზი და არც ასეთი მომსახურება. მთელი ჩემი შემოსავალი გაზ-დენ-წყალ-ნაგავს მიაქვს და ოჯახს რაღა ვაჭამო?!.“– აცხადებენ საქინფორმთან შეწუხებული თბილისელები.

საქინფორმი დაუკავშირდა ყაზტრანსგაზის დიდუბე-დიღმის გაზის ბიზნესცენტრს, სადაც განგვიმარტეს, რომ მრიცხველები ბინებიდან სადარბაზოებში გადის მთელი ქალაქის მასშტაბით, ამ ეტაპზე დიღმის მასივში ერთი კვირაა, რაც დაიწყო პროცესი და სამუშაოთა ფინანსური დანახარჯი მოსახლეობას არ ეხება – მას ფარავს კომპანია.

რაც შეეხება დიდი დიღმის მოსახლეობას, შპს „დიდ დიღმის“ სერვისცენტრში საქინფორმს განუმარტეს, რომ დიდ დიღომში მაკონტროლებელი ბერკეტები აქვთ და მრიცხველების გარეთ გატანა ამ დასახლებას არ შეეხება.

 

საქინფორმი