საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობა და სტაბილურობა სრულად შეესაბამება რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს. ეს მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შემდეგ გამოთქვა.
რუსეთის ლიდერმა დაადასტურა, რომ რუსეთი მომავალშიც შეუწყობს ხელს აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობის ნორმალიზებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას 2022 წლის ცნობილ სამმხრივ შეთანხმებებზე დაყრდნობით.
„ჩვენ ასევე მზად ვართ ხელი შევუწყოთ საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციას, აქ ვგულისხმობ, რომ გაგვაჩნია საბჭოთა კავშირის დროინდელი შესაბამისი დოკუმენტები, ასევე ტრანსსასაზღვრო მარშრუტების განბლოკვას და ჰუმანიტარული კონტაქტების დამყარებას“, - დაასკვნა პრეზიდენტმა.
სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში მყოფ რუსეთის პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადების ფარგლებში აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მან აღნიშნა, რომ „2023 წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა“.
ამავდროულად, ალიევმა განაცხადა, რომ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება მეტწილად დამოკიდებულია აზერბაიჯანის რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაზე.
ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაკეთდა. კერძოდ, ეს განცხადება მოუწოდებს საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმა „3+3“-ის, როგორც ურთიერთქმედების ეფექტური მექანიზმის პოტენციალის განვითარებას.