აქტუალური
ახალი სალარო აპარატების დარიგება დაიწყო

salaroფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა რამდენიმეთვიანი მარჩიელობის შემდეგ, როგორც იქნა, ჩამოაყალიბა და საზოგადოებას წარუდგინა ახალი GPRS-ის სალარო აპარატების დანერგვის გეგმა. მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს აღემატება, GPRS -ის სალარო აპარატების შეძენისთვის 290 ლარის გადახდა მოუწევთ . მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელებს, რომელთა წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს არ აღემატება, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, ახალი აპარატები უსასყიდლოდ გადაეცემა.

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, გადამხდელთა ერთი ნაწილი, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 30 ათას ლარს, საერთოდ თავისუფლდება სალარო აპარატების ქონის ვალდებულებისაგან.

მეწარმეებს, რომლებმაც სალარო აპარატებში 290 ლარი უნდა გადაიხადონ, შეუძლიათ ისარგებლონ ბანკის უპროცენტო განვადებით 12 თვის განმავლობაში.

სალარო აპარატები 3 ეტაპად დარიგდება. ახალ აპარატებზე გადასვლის პროექტი სატესტო რეჟიმშ, თავდაპირველად თბილისში ამოქმედდება. რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით, ტექნიკური მომსახურების პერსონალი განთავსდება თბილისის მომსახურების სერვისცენტრებში. მეორე ეტაპი კი 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება და პროექტი განხორციელდება რეგიონებშიც. პროექტის მესამე ეტაპზე 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ძველი მოდელები ახლით სრულად ჩანაცვლდება, ხოლო 2012 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება მათი სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება.

 

საქინფორმი