სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს

cixe_wameba„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ალექსანდრე კედელაშვილის მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილი კორესპონდენციის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავენ შეშფოთებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გამო.

„ბოლო პერიოდში საქართველოში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა, რამაც პატიმრების მდგომარეობა საპყრობილეებში მნიშვნელოვნად გააუარესა. კერძოდ, საკნები არ არის აღჭურვილი ვენტილაციის სისტემით. რიგ შემთხვებში პრობლემებია წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რის გამოც ზაფხულის პერიოდში უფრო გაუსაძლისი ხდება პატიმრების მდგომარეობა. ამ ვითარებაში განსაკუთრებით გართულდა იმ პატიმართა მდგომარეობა, რომლებიც სასჯელს იხდიან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამასთან, კრიტიკულია იმ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას. „პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების“ თანახმად, პატიმრებისათვის განკუთვნილი ყველა ადგილსამყოფელი და, განსაკუთრებით, საძინებელი ადგილი უნდა პასუხობდეს ჯანმრთელობის ყველა მოთხოვნას და უნდა ითვალისწინებდეს სათანადო კლიმატურ პირობებს, აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს ჰაერის მოცულობას, მინიმალურ ფართს, განათებას, გათბობასა და ვენტილაციას.

სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა პატიმრობის ადეკვატური პირობების შესაქმნელად და უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები შესაბამისი აღჭურვილობით, რათა შენარჩუნდეს ნორმალური ტემპერატურული რეჟიმი და საფრთხე არ შეექმნას პატიმართა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მივმართავთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები და აღმოფხვრას ვენტილაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რათა პატიმრებს შეექმნათ სასჯელის მოხდის ადამიანური პირობები“, – ნათქვამია კორესპონდენციაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“;

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“;

ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“;

„საზოგადოებრივი დამცველი“;

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“;

„ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის“;

„კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი“;

„კავკასიის ქალთა ქსელი“;

კავშირი „21-ე საუკუნე”;

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“;

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“;

„საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრი“

 

საქინფორმი