პოლიტიკა
გიორგი ცაგარეიშვილი: „სააკაშვილი მოლაპარაკე ბრიყვია“

cagarპარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისთვის“, თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილს გუშინ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბათუმში სიტყვით გამოსვლამ ბალზაკის მოლაპარაკე ბრიყვი გაახსენა. „ბალზაკს აქვს ნათქვამი, რომ სიბრიყვე არსებობს ორი სახის, მდუმარე და მოლაპარაკე, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა კი თანამედროვე მსოფლიოში კლასიკური მაგალითია მოლაპარაკე სიბრიყვისა. თუ საზოგადოება კარგად მოისმენს სააკაშვილის მოსაზრებებს, რომელიც საბაჟოზე დასაქმებულ მომხიბვლელ მოდელ ქალბატონებს და ტრაილერის წვერგაუპარსავ მძღოლებს შეეხებოდა, სხვა დასკვნის გაკეთება ამ ადამიანზე შეუძლებელია“, – აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, ბრიყვულ გამონათქვამებში მოიძებნებოდა პოლიტიკური ავანტიურისთვის დამახასიათებელი სიცრუის მთელი კასკადი, მაგალითად, ის, რომ თურმე მისი ფორმაციის მთავრობა ხალხისთვის ყოფილა შექმნილი და ხალხის სამსახურში ათენებს და აღამებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალი ელქტრონული პირადობის მოწმობების გაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა საბაჟო-გამშვები პუნქტების მომსახურე პერსონალზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საბაჟოს თანამშრომლები მებაჟეები კი არა, სამოდელო სააგენტოს გოგოები უნდა იყვნენ, რომლებიც იმისათვის იქნებიან, რომ გაიღიმონ. „თუ, ვთქვათ, ტრაილერის გაუპარსავი მძღოლი გადმოკვეთს საზღვარს, მივა და მიესალმება მას ინგლისურად ან თურქულად, გოგონამ უნდა გაუღიმოს, ტვინი დაუბნელოს, მაგრამ 7 წუთში გაუშვას, რომ მძღოლს სხვა რამეზე ფიქრის დრო აღარ დარჩეს“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს არის ტექნოლოგია და სახელმწიფო ნება, რომ არ არსებობდეს კორუფცია.

 

საქინფორმი