სამართალი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატმა საექსტრადაციო პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა, გაასაჩივრა.

ადვოკატმა შესაბამისი დოკუმენტაციით თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღეს მიმართა.

საექსტრადაციო პატიმრობის შეცვლას და გათავისუფლებას ვითხოვთ. სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს, 2 000 ლარის ოდენობით ვთავაზობთ. ადამიანს საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით აქვს მიმართული და აღნიშნული სანამ იქნება, ექსტრადიცია ვერ განხორციელდება ვერანაირად“, - განაცხადა ნოზაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.