როგორც საქინფორმს „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, სატელევიზიო ანძის მართვის უფლებით გადაცემის აუქციონის დაჩქარებული წესით ჩატარება ბევრ საფუძვლიან ეჭვს ბადებს და აძლიერებს აზრს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არჩევნების გამოცხადებამდე სასწრაფო წესით აპირებს, სრული კონტროლი დააწესოს ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაზე (საქართველოში ინტერნეტის გავრცელებაზე კონტროლი უკვე დააწესა სააკაშვილმა, იგი მისი ოჯახის წევრს, ბიზნესმენ შარანგიას ჩააბარა. არის ეჭვი, რომ პირდაპირ თუ ირიბად იგი იქნება ანძის მესაკუთრეც).
„ხელისუფლების მზაკვრულ ქმედებათა დასტურია 26 მაისი და მისი შემდგომი პერიოდი: ჟურნალისტების ცემა-ტყეპა, დაშინება, ტექნიკის ჩამორთმევა, დაჭერები – აზროვნებისათვის მიუწვდომელი ცინიკური საპროცესო გარიგება, მედიაჰოლდინგ „პალიტრაზე“ შემოწმებითი შეტევა, შეთანხმება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან: „ყველაფერს გითმობთ – მეტალურგიულ ქარხანასაც, მაგრამ დაივიწყეთ „იმედი“.დღესავით არის ნათელი, რა უნდა ხელისუფლებას. მისი სურვილია მონა-მორჩილი საინფორმაციო სივრცით შექმნას ილუზია, რომ საქართველო შენდება და ბრწყინდება, მსოფლიო კი ინგრევა. რეალურად საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა.
ხელისუფლებამ კონკრეტულად იცის, რა უნდა, მაგრამ გათითოკაცებულობისა და დაქსაქსულობის და, უპირატესად, სკამებისათვის ბრძოლის გამო სიბნელით არის მოცული პოლიტიკოსთა პოზიცია და ის, ეთანხმება თუ არა ხელისუფლების მზაკვრულ განაჩენს ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა.
ხელისუფლება, რომელიც 21-ე საუკუნეში საკუთარ ქვეყანაში მედიაზე, ინტერნეტის გავრცელებასა და სატელევიზიო ანძაზე აწესებს კონტროლს, თავისი არსით, არის დიქტატორული, უკვე აღარ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება. ნებისმიერი ქვეყნისათვის ასეთი ხელისუფლება მიუღებელია. წარმოუდგენელია, ასეთი ხელისუფლება ერთი დღითაც იგუოს დემოკრატიულმა ევროპამ, დემოკრატიულმა დასავლეთმა.
სამწუხაროა, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩები არავითარ კომენტარს არ აკეთებენ მაშინ,როცა ხელისუფლება მონოპოლისტი მედიამაგნატი ხდება. ამას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და ეს სიწყნარით აღიქმება. სამწუხაროდ, დემოკრატიული დასავლეთისგანაც. მდუმარებას ამჯობინებენ ის ელჩებიც, რომლებმაც 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ხალხის ყოფნა ვერ აიტანეს რუსთაველის პროსპექტზე და ხელისუფლებას სისასტიკით მოქმედების მწვანე გზა მისცეს.
საქართველოში ასეთი ხელისუფლების იმით გამართლება, რომ სასტიკია და ამიტომ ხმას ვერ ვიღებთ, დანაშაულია როგორც ისტორიის, ისე, განსაკუთრებით, მომავლის წინაშე.
ხელისუფლების სისასტიკე მისი მშიშრობისა და სისუსტის მანიშნებელია. მშიშარასა და სუსტზე მორჩილება მხოლოდ მონებს შეუძლიათ.
საქართველოს ძლიერება თავისუფლებისაკენ მუდმივი ლტოლვა იყო.დღეს იგი განსაკუთრებულად სჭირდება საქართველოს და მის მომავალს.
დღეს ჩვენ ვჭირდებით საქართველოს და მის მომავალს. დავდგეთ ღირსებით, როგორადაც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და ჩვენ გადავარჩენთ ქართულ ცნობიერებას საქართველოში და ტერიტორიულადაც გავამთლიანებთ მრავალტანჯულ საქართველოს“, – ნათქვამია კორესპონდენციაში.
საქინფორმი