აქტუალური
საქსტატი: საქართველოში მშენებლობა გაიაფდა

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.04 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.1-პროცენტიანი კლებით, რამაც -0.07 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.5 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 25.6-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.8-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად 4.85 და 2.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 17.2 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.