საზოგადოება
ზუგდიდში დევნილთა გასახლების პროცესი მიმდინარეობს

gasaxlebaროგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ზუგდიდში დევნილების გასახლების პროცესი მიმდინარეობს. დევნილთა 20 ოჯახი უკვე გაასახლეს შალვა დადიანის ქუჩა №21-დან, ყოფილი გრენქარხნის შენობიდან, სადაც 43 ოჯახი ცხოვრობდა. ფოთში, კერძოდ, მალთაყვაში წამსვლელ დევნილთა სიები უკვე შედგენილია. გრენქარხნის ტერიტორიაზე 2 სამარშრუტო ტაქსით დევნილების 16 ოჯახი უკვე წაიყვანეს, მათი ავეჯით და ინვენტარით დატვირთული ხუთი სატვირო მანქანა ამ წუთებში დაიძრა. გრენქარხანაში ჩასახლებული დევნილების ნაწილი სიაში ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხვდა, 20-მდე მათგანი კი მათთვის ალტერნატიული ფართით ზუგდიდში დაკმაყოფილებას ითხოვს.

დევნილები მოსალოდნელი გასახლების თაობაზე მხოლოდ გუშინ – ერთი დღით ადრე გააფრთხილეს. იძულებით გადაადგილებულ პირთა უკმაყოფილების მიზეზიც სწორედ დაუწყება გახდა. ისინი აცხადებენ, რომ ძალიან ცოტა დრო მისცეს მოსამზადებლად და დასაფიქრებლად. მიუხედავად ამისა, მათი ნაწილი მალთაყვაში უკეთესი პირობების, დასაქმების იმედით მიდის, დანარჩენი კი იმ მიზეზით უარობს, რომ ზუგდიდში მუშაობენ.

დევნილებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოს უფროსისგან მოსაფიქრებლად 15-დღიანი ვადა ითხოვეს, თუმცა სამმართველოს წარმომადგენელი მათ თხოვნას არ გამოხმაურებია. საბოლოოდ, ამ ტერიტორიიდან ფოთში განსახლებას 16 ოჯახი დათანხმდა.

ამასთან, დევნილთა განსახლება კოსტავას ქუჩაზე მდებარე №6 ბაღში – კომპაქტურად ჩასახლების ადგილიდანაც დაიწყო. იქ მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ მათთან გუშინ დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლები მივიდნენ, გასახლების თაობაზე გააფრთხილეს და მოსამზადებლად 3 დღე მისცეს. ბაღში ათამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათი თქმით, ისინი გასახლების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ფოთში დასაქმებას ითხოვენ. საბოლოოდ აღნიშნულ ტერიტორიას ამ დღეებში თითქმის ყველა ოჯახი დატოვებს.

დევნილებს ასახლებენ გრიბოედოვის ქუჩიდანაც, ყრუ-მუნჯთა საზოგადოების ყოფილ შენობაში მდებარე დროებითი ჩასახლების ადგილიდანაც. იქ სულ 33 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა ნაწილი ფოთში უკვე წაიყვანეს.

რაც შეეხება ფოთში არსებული ჩასახლების ადგილის პირობებს, ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, ეს ადგილები კარგად არის გაკეთებული, თუმცა ადაპტირების პირობები ნაკლებია. დევნილებს ფართები ჯერ არ უნახავთ, მათი საცხოვრებელი ბინები დღეს ლოტოტრონის საშუალებით გადანაწილდება. დევნილთა ნაწილი ზუგდიდიდან გასახლების კატეგორიული წინააღმდეგია და ფართს სწორედ ამ ქალაქში ითხოვს.

 

საქინფორმი