რელიგია
საქართველოს საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართული ტაძრების მდგომარეობის გამო

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქომ მიმართა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს თხოვნით, გამოიკვლიოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ტაძრების კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყენების ფაქტები და მოხდეს სათანადო ზომების მიღება არსებული შემთხვევების სამომავლოდ აღმოსაფხვრელად.

როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, მიზეზი გახდა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული ვიდეოკლიპი, სადაც აზერბაიჯანელი მუსიკოსი ტაძრის ამბიონზე დგას და „აჭარულის“ მელოდიისა და სიმღერის თანხლებით ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე გარკვეულ კომპოზიციას ასრულებს.

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მდებარეობს დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახის რაიონში, და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კახისა და ქურმუხის ეპარქიის მეორე საკათედრო ტაძარს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა აღშფოთების შემდეგ კლიპი YouTube-დან წაშალეს, საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ ვიდეოს კადრები სოციალურ ქსელში დღემდე ვრცელდება.

„სამწუხაროდ, ეს ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰერეთში მდებარე ქართულ სიწმინდეს - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან და იყენებენ ცალკეული ვითომ კულტურულ-სახელოვნებო კამპანიისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ყველა მსგავსი შემთხვევებისადმი არაერთგზის გამოუხატავს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება და წუხილი.

ქურმუხის ტაძარი უდიდესი მნიშვნელობის სალოცავია. ეს სიწმინდე აღიარებულია არა მარტო მართლმადიდებლების, არამედ მუსლიმთა მიერაც. გარდა ამისა, მას აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ისტორიულ-კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამიტომ კიდევ უფრო გაუგებარი და დიდად საწყენია, რომ მსგავსი შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში, აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქომ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მსგავსი უპატივცემულო შემთხვევების დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება და შესაბამისი ორგანოებისა და პირების მხრიდან სათანადო რეაგირების შედეგად პასუხგაუცემელი არ დარჩება.