საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. სინოპტიკოსები 31 ივლისს ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კერძოდ, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში - ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სინოპტიკოსების ვარაუდით, აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საფრთხის დონე მაღალია, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო.