სატელევიზიო ანძა ოთხი წლის მართვის უფლებით აუქციონზე 110 ათას ლარად გაიყიდა, თუმცა ჯერჯერობით გამარჯვებული კომპანიის ვინაობა არ სახელდება.
აქამდე ანძის მფლობელი შპს „ალფა-კომი“ (ყოფილი „საქართველოს ტელერადიოცენტრი“) იყო. ანძის საწყისი ფასი პირველად 100 000 ლარი იყო. აუქციონის გამოცხადებიდან ამ დრომდე მხოლოდ ერთი ბიჯი (22 ივლისს) გაკეთდა და, შესაბამისად, ფასი 110 000 ლარამდე გაიზარდა. თითო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარს შეადგენდა.
კომპანიის მართვის უფლების მოპოვების ერთ-ერთი პირობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იყო. კონტრაქტს ახალ მმართველთან ერთი თვის ვადაში მოეწერება ხელი.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ალფა-კომის“ დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარს შეადგენს, ხოლო კრედიტორული – 2 917 158,59 ლარს.
შპს „ალფა-კომი“ თბილისის სატელევიზიო ანძასთან ერთად ექსპლუატაციას უწევს 35 სხვა მცირე ზომის ანძებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანია ემსახურება 30-ზე მეტ რადიო და 16 ტელეკომპანიას.
მედიააქტივისტებისა და ჟურნალისტების ჯგუფი, რომელთაც რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსიც შეუერთდა, 28 ივლისს ეკონომიკის სამინისტროს წინ შეიკრიბა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია „ალფა-კომის“ მართვის უფლების ოთხი წლით გასხვისების პროცესის გამჭვირვალედ ჩატარება მოითხოვა. ანალოგიური აქცია დღესაც გაიმართა ეკონომიკის სამინისტროს წინ.
საქინფორმი