საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია და საზოგადოებამ იცის, რომ როგორც კი ფასების სტაბილურობის განმტკიცებისთვის აუცილებელი ხდება ეროვნული ბანკის მყისიერი რეაგირება, ამას ყოველთვის ვაკეთებთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად და დაბალანსებულად. სახეზეა მაღალი ეკონომიკური ზრდისა და დაბალი ინფლაციის ძალიან კარგი თანაფარდობა.
„ამ ეტაპზე გვაქვს სტაბილური მდგრადი განვითარების სურათი და მიგვაჩნია, რომ არსებული სტატუსკვო უნდა შევინარჩუნოთ. შესაბამისად, უცვლელად ვტოვებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულ ბანკს ეტაპობრივი შემსუბუქების პოლიტიკა აქვს გაცხადებული და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულიდან, 11%-დან რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.