საზოგადოება
მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის კურსს

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. საქართველო არასდროს შეცვლის კურსს, რადგან ჩვენი საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს გვიწერია კონსტიტუციაში. ეს არის ევროპული გზა და საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის ამ კურსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ვინმეს უნდა, კურსის ცვლილებაში იგულისხმოს თავდახრილი, ცალ ფეხზე დგომა, „ქართული ოცნება“ ამაზე ვერ წაჰყვება.

ჩვენს საარჩევნო სლოგანშიც შემთხვევით არ ჩაგვიწერია ეს სიტყვები: „მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით მხოლოდ ევროპისკენ“. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მრწამსიც და ეს არის ჩვენი მიმართულებაც. თუ ფიქრობთ, რომ ევროპული გზა ომით, უბედურებით, საკუთარი ჯარისკაცების და მოსახლეობის დახოცვის ხარჯზე უნდა იყოს, ეს არ იქნება და ვერც იქნება. სულ რომ თავი შესწირო ამ იდეას, ეს ევროპასთან არ დაგაახლოებთ, არ გაგიჩნდეთ ამის ილუზია. ეს თან დაგაშორებთ და თან ფიზიკურად განადგურდებით. ამით გავნადგურდებით და ვერც ევროპას დავუახლოვდებით ეკონომიკურად, ფიზიკურად. ვიღაც თუ გატყუებთ და გაჯერებთ, რომ ეს ევროპასთან დაგვაახლოებს, ესეც ცალკე ტყუილია. ამიტომ თავის გაწირვა ტყუილისთვის არ ღირს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.