პოლიტიკა
საპროტესტო აქცია სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით

gaaprotesteსამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

საპროტესტო აქცია სოციალურ ქსელ „facebook“-ში შექმნილი ჯგუფის – „პროტესტი სამარშუტო ტაქსების გაძვირებას“ – ორგანიზებით ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ, გვერდის მიხედვით, აქციაზე დასწრებას 3000 ადამიანი გეგმავს.

ორგანიზატორები მოსახლეობას თხოვნით მიმართავენ, რომ პროტესტის ნიშნად მგზავრობის საფასური 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი გადაიხადონ.

„აუცილებელია, საზოგადოებამ უსამართლოდ გაძვირებულ ფასზე პროტესტი გამოხატოს. თუ ეს გაუვიდათ, სექტემბრისთვის მეტროთი და ავტობუსით მგზავრობას 1 ლარამდე და ახალწლამდე 1.20 ლარამდე გაზრდიან“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მოითხოვენ, ხელისუფლებამ მომხმარებლების ინტერესები გაიზიაროს და სამარშრუტო ტაქსებზე კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის ღირებულება 15 ივლისამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

ამასთან, აქციის მონაწილეები სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვენ, ხოლო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსისთვის“ – ტენდერის პირობების შესრულების დავალებას.

„ეს ყველაფერი მგზავრობის საფასურის 50 თეთრზე შენარჩუნების პირობებში უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერის შედეგები გაუქმდეს და ჩატარდეს ახალი, რომლითაც თბილისში მგზავრთა გადაყვანის უფლება არა 1-მა ან 4-მა, არამედ ბევრად მეტმა ფირმამ უნდა მოიგოს, რათა ამ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდოს, – აცხადებენ აქციის ორგანიზატრები.

საპროტესტო აქცია 18:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.

 

საქინფორმი