პუბლიკაციები
პროგრესის შეჩერება: რევოლუციის გავლენა საქართველოს მწვანე ინიციატივებზე და ახალი შესაძლებლობები - მარიამ ცაცანაშვილი

   ევროკავშირის გეგმის (REPowerEU) მიხედვით, 2050 წლისთვის ევროპა უნდა იქცეს ე.წ. სუფთა კონტინენტად. ევროპის მწვანე შეთანხმების (Green Deal) მიხედვით, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებთან ერთად წყალბადის ქსელის განვითარება ევროპაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. საქმე ისაა, რომ 2001 წელს საქართველომ დაიწყო ამ სფეროში სამეცნიერო კვლევის შედეგების სახელმწიფოს სტატუსში აყვანა; თუმცა ეს ინიციატივა ვარდების რევოლუციას შეეწირა. რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება, მწვანე წყალბადის განვითარების კურსის გაგრძელებას;  მეცნიერების სახელმწიფო მხარდაჭრის, ეკონომიკური სარგებლის,, ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის ტრანსფორმაციის კვეთაზე, ენერგოუსაფრთხოების ეს ინიციატივა რეალობად აქციოს?

საქართველოს სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ითვალისწინებს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის დაწყებას 2024 წელს რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული პოტენციალის შესწავლას. ამისთვის მზადება ცოტა ადრე დაიწყო, 2023-წლის ივნისში, საქართველოს მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW), ხელი მოეწერა   შეთანხმებას, რომელიც “მწვანე წყალბადის” დანერგვის მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის 1,3 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, 2022 წლის 28 ივლისის N1-1/330 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტი, რომლის მიზანია ევროკავშირის მიერ სუფთა წყალბადის წარმოების განვითარების პარალელურად, საქართველოში აღნიშნული პროდუქტის წარმოება-ექსპორტისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა და საქართველოს, როგორც სუფთა წყალბადის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილის დამკვიდრება. 2023 წლის ივნისში, გერმანიისა და საქართველოს მთავრობები მოლაპარაკებების დროს გადაწყდა, რომ გერმანია საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით. როგორც ქართულ პრესაში გაიჟღერა, საკონსულტაციო კომპანია „GOPA Intec. საქართველოს წყალბადის სტრატეგიის კონცეფციის დოკუმენტიც შეუმუშავებია.

ნაკლებად თუ ვინმემ იცის, რომ საქართველოს ღირებული გამოცდილება აქვს ამ მიართულების კვლევებსა და შედეგების დანერგვის პოლიტიკურ-მმართველობითი დოკუმენტების ფორმირებაშიც. და…იცით, რას ვგულისხმობ? ევროპის განახლებადი ენერგიის დირექტივის (Directive (EU) 2018/2001 (recast) პარალეკურად, საქართველომ ამ მიმარტულებით პროექტების რეალიზება უკვე დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის N 459 ბრძანებულება „შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა ათვისების სააგენტოს შექმნის შესახებ“ და 2003 წლის 4 სექტემბის N1087 ბრძანებულება „საქართველოში წყალბადის ენერგეტიკის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კომპანიებთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების ღონისძიებების შესახებ“, პროაქტიული ნაბიჯები იყო წყალბადის ტექნოლოგიების წინსვლაში, რომელიც დღეს, რატომღაც მივიწყებულია.

მაშინ, ამ პროექტის უნიკალურობა ის იყო, რომ აფხაზეთის ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ტრანსფორმაციის პრაქტიკულ განხორციელებას ეყრებოდა საფუძველი. ეს იყო საქართველოს მცდელობები ენგურის ჰიდროელექტოსადგურის ერთობლივ გამოყენებაში. თავის მხრივ, აფხაზური მხარე, მზად იყო პროექტში მონაწილეობა მიეღო. ამ პროექტით Daimler Chrysler-ს (მაშინდელი სახელწოდება) გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია დაინტერესდა, ჩამოვიდა საქართველოში და პირველი მოლაპარაკებებიც შედგა. მერე? ეს პროექტი ვარდების რევოლუციით მოსულ ხელისუფლებას ემსხვერპლა, პროგრესი შეჩერდა.

ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. მართალია წინა რიგებში აღარ ვიქნებით, მაგრამ მწვანე წყალბადის წარმოების ტექნოლოგიების განვითარების პროცესში ჩართვა მრავალი გამოწვევის ერთდროულად გადაჭრას უკავშირდება: კლიმატის ცვლილების შერბილება, ენერგეტიკული ტრანზიციის ხელშეწყობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარება და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის ტრანსფორმაციის შესაძლებლობა. პროექტის წარმატება კი საქართველოში არსებული გამოცდილების მივიწყება კი არა, მისი ნიუანსების გამოვლენა და ინტელექტუალური რესურსების ბოლომდე გამოყენებაა. სხვაგვარად პროცესის ფრაგმენტულობასა და არასტაბილურობას თავიდან ვერ ავიცილებთ. მომავალ პერსპექტივაში გადამწყვეტია მეტად კონსოლიდირებილი და ჰოლისტიკური პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება, თემატური მარეგულირებელი ელემენტებით: საზოგადოებრივი უსაფრთხოების პროტოკოლები რისკების შესამცირებლად (წარმოება, შენახვა, ტრანსპორტირება, გამოყენება); გარემოს მდგრადობის ერთიანი სტანდარტებისა და სერტიფიცირების პროცესების უზრუნველყოფის რეგულაციები: წყალბადის ტექნოლოგიების გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სიცოცხლის ციკლის შეფასებების ჩათვლით; წყალბადის წარმოებაში, შენახვასა და გამოყენებაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების სტიმულირების უზრუნეველყოფის რეგულაციები; ეკონომიკური და სოციალური შედეგები: სამუშაო ადგილები; პროფესიული განათლების განვითარების ინიციატივების ხელშეწყობა, ინვესტიციები კვლევაში, განვითარებასა და წყალბადის ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში. ფინანსური წახალისების და სუბსიდიების მექანიზმები მწვანე წყალბადის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობისთვის; ინფრასტრუქტურის განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის საფუძველზე (განსაკუთრებით მანქანათმშენებლობის სფეროში); მონიტორინგის და მარეგულირებელი ორგანოების ეფექტურობის შეფასების მექანიზმები; საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩოები და სტანდარტები. ჰარმონიზაციის შესაძლებლობები. საერთაშორისო პარტნიორობა და კლასტერიზაცია წყალბადის ტექნოლოგიების დაჩქარებული მიღებისთვის; გრძელვადიანი დაგეგმვა პოლიტიკის ეტაპობრივი განხორციელებისთის.

პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ინიციატივა საქართველოს სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის კვლევის შედეგებს ეფუძნება. ეს ისე, უბრალოდ, შეხსენებისთვის, რომ ყოველგვარი საერთაშორისო დაფინანსებების გარეშე, საქართველოში პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული კვლევითი რესურსები არსებობს. თუმცა, ის რაც “უცხოა” საუცხოოა. ის რაც ადგილზე, ამ პატარა ქვეყანაში იქმნება, ან რევოლუციის მსხვერპლია, ან არაღიარების სინდრომის.

მარიამ ცაცანაშვილი - სპეციალურად „საქინფორმისთვის“
2024 წლის 23 ივლისი
საქართვლო, თბილისი