სამართალი
რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.

საქართველოში ასაკობრივ პენსიას 851,4 ათასი ადამიანი იღებს, აქედან 247,4 ათასი მამაკაცი და 604 ათასი ქალია. ასეთია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები 2024 წლის 1 ივლისისთვის.

პენსიონერების ძირითადი ნაწილი 75 წლამდე ასაკისაა. საქართველოში 90 წელს ზემოთ 12,1 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, საიდანაც 2,9 ათასი მამაკაცია და 9,2 ათასი - ქალი. ყველაზე მეტი დღეგრძელი პენსიონერი თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.

პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი. ყველაზე ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი და ზემო სვანეთში.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია.

70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.

ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.