საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 18 ივლისს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.
50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.