პოლიტიკა
ბიომეტრიული მონაცემებით ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციაზე უარის თქმის არგუმენტი არ რჩება

eqvsianiiiiოპოზიციური „ექვსიანი“ ხელისუფლებას ამომრჩეველთა სიის ბიომეტრიული მონაცემებით რეგისტრაციას კიდევ ერთხელ სთავაზობს. ამ საკითხთან დაკავშირებით „ეროვნულ საბჭოში“ „ექვსიანმა“ განცხადება შეიმუშავა, რომელიც მედიის წარმომადგენლებს „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა გააცნო.

განცხადების თანახმად, „საბოლოოდ დადასტურდა, რომ ამომრჩეველთა სიის შედგენა ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციისა და ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე მოითხოვს არა ასეულობით მილიონი დოლარის დანახარჯს და რამდენიმე წელიწადს, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებდა, არამედ, მაქსიმუმ, 8 მილიონ დოლარს და 4-6 თვეს.

ოპოზიციური „ექვსიანის“ ცნობით, კონკრეტული წინადადებები დაამუშავა კომპანია „სმართ მატიკმა“, რომლის წარმომადგენლებიც სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში. მათი გათვლები ეფუძნება როგორც სხვა ქვეყნებში განხორციელებული ანალოგიური პროექტების გამოცდილებას, ისე ქართულ რეალობას.

„ბიომეტრიული მონაცემებით ამომრჩეველთა რეგისტრაციას სჭირდება 10-ჯერ ნაკლები თანხა, 5-ჯერ ნაკლები დრო და ხელისუფლებამ დღეიდან უკვე დაიწყო ბიომეტრიული მონაცემებით პირადობის ახალი მოწმობების გაცემა. ამასთან, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად იგი დათანხმდა ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე, რაც არასწორად მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ არც ხელისუფლებას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას აღარ რჩებათ არგუმენტები, რომ უარი თქვან ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციაზე. შესაბამისად, ამ საკითხზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას შესაძლოა, მხოლოდ ერთადერთმა მიზეზმა – ამომრჩეველთა ზუსტი და სანდო სიების შესაქმნელად ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობამ შეუშალოს ხელი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „კონსერვატული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს გზა“ და „ხალხის პარტია“.

 

საქინფორმი