რელიგია
მარიამ ცაცანშვილი: საკონსტიტუციო შეთანხმება, კონკორდატი, სახელმწიფო რელიგია რელიგიური უსაფრთხოება საქართველოში

   ქ. მცხეთაში 2002 წლის 14 ოქტომბერს 2002 წელს ხელი მოეწერა „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელიც პალამენტმა 22 ოქტომბერს დაამტკიცა. მას შემდეგ ხშირად გაიგონებთ, რომ ეს არის კონკორდატი; ან, რატომაც არ უნდა ჰქონდეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო რელიგიის სტატუსი? კონსტიტუციური შეთანხმების შესახებ მცდარი წარმოდგენები, როგორიცაა მისი მოხსენიება „კონკორდატად“ ან იმის ვარაუდი, რომ ეკლესია სახელმწიფო რელიგიად იქცეს, იწვევს გაუგებრობებს და პოლიტიკური გამწვავების საფუძველი შეიძლება გახდეს.

   ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობის საქართველოს მოდელი   დაფუძნებულია ტრადიციასა და თანამედროვე პრინციპებზე. საკონსტიტუციო შეთანხმება წარმოადგრენს სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამიჯვნის აქტს, რომელიც ერთობლივი ზრუნვის საკითხებზე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობის პირობებს ადგენს. საქართველოს ეს მიდგომა ნიუანსურია და განსხვავდება სხვა ქვეყნების მოდელებისგან. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ცენტრი საქართველოში გააჩნია და კონსტიტუციური შეთანხმება ამ შემთხვევაში, ორ საჯარო სამართლის სუბიექტს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი აქტია. ყველა სხვა რელიგიას, თავიანთი ცენტრები საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვთ, ამიტომ მათთან მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებაზე შეიძლება იყოს საუბარი (კონკორდატის მოდელი) და არა კონსტიტუციურ შეტანხმებაზე.

      კონსტიტუციური შეთანხმების მოხსენიება, როგორც „კონკორდატი“, ან შორეულ პერსპექტივაში, ეკლესიის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად, ჩრდილს აყენებს რეალურ ბალანსს სახელმწიფო სეკულარიზმსა და რელიგიურ გავლენას შორის. არსებული მოდელი ეხმარება სახელმწიფოს შეინარჩუნოს სოციალური ერთიანობა და რელიგიური პლურალიზმის პატივისცემა. ზუსტი განსაზღვრა იმისა, თუ რას წარმოადგენს ქართული მოდელი, გადამწყვეტია საქართველოში სამართლებრივი და პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ნებისმიერმა არასწორმა აღქმამ ან „მარკირებამ“ შეიძლება გამოიწვიოს სამართლებრივი დავა, კონსტიტუციური შეთანხმების ლეგიტიმურობის ეჭვი ან პოლიტიკური არეულობა, რაც გავლენას მოახდენს უფრო ფართო მმართველობასა და სოციალურ არასტაბილურობაზე.

   „კონკორდატი“ კონკრეტული შეთანხმებაა წმინდა საყდარს (ვატიკანს) და სუვერენულ სახელმწიფოს შორის, რომელიც არეგულირებს კათოლიკურ ეკლესიასა და ამ თუ იმ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას. ეს შეთანხმებები ხშირად მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი, ეპისკოპოსების დანიშვნა, რელიგიური განათლება სკოლებში და სხვა საკითხები. ასე, რომ კონკორდატები არის ორმხრივი შეთანხმებები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ რელიგიური ინსტიტუტების იურიდიულ და სოციალურ სტატუსზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მაგალითად: 1801 წლის კონკორდატმა ნაპოლეონ ბონაპარტსა და პაპ პიუს VII-ს შორის, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, აღადგინა კათოლიკური ეკლესია, აღიარა კათოლიციზმი საფრანგეთის მოქალაქეების უმრავლესობის რელიგიად; ნაცისტურ გერმანიასა და წმიდა საყდარს შორის 1933 წელს ხელმოწერილი კონკორდატი, კარდინალ ევგენიო პაჩელის (მოგვიანებით პაპი პიუს XII) და ჰიტლერის მთავრობის მოლაპარაკებების შედეგია, ჰიტლერის რეჟიმის პირობებში, ეკლესიისთვის გარკვეული უფლებების გარანტიის შესაქმნელად და ნაცისტური მთავრობის მიღების სანაცვლოდ; 1953 წლის კონკორდატი ფრანცისკო ფრანკოს ესპანეთის მთავრობასა და წმინდა საყდარს შორის, მიზნად ისახავდა კათოლიკური ეკლესიის პოზიციისა და უფლებების აღდგენას ესპანეთში სამოქალაქო ომის შემდეგ; 1984 წლის მალტის და 2008 წლის სლოვენიის კონკორდატები წმინდა საყდართან ეხებოდა კათოლიკური ეკლესიის იურიდიულ სტატუსს და უფლებებს.

   მნიშვნელოვანი მაინც 1929 წლის კონკორდატია, რომელიც ლატერანის ხელშეკრულებითაა ცნობილი. ეს იყო შეთანხმება იტალიის სამეფოსა და წმინდა საყდარს (ვატიკანი) შორის, რომელიც ვატიკანში პაპის დროებით მმართველობას მოჰყვა. ლატერანის ხელშეკრულებით ვატიკანი აღიარებულია დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ წმიდა საყდრის სუვერენიტეტის ქვეშ. მართალია, ლატერანის ხელშეკრულებამ, პაპის დროებითი ძალაუფლების საკამათო საკითხის გადაწყვეტით, სტაბილურობა მოუტანა იტალიას, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მან იტალია დაშალა და გააძლიერა ვატიკანის, როგორც თეოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი. შექმნა ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობების ისეთი პრეცედენტი, რომლის შედეგი ტერტორიულ-ორგანიზაციული დაყოფა შეიძლება იყოს. ამიტომ, ტერმინ „კონკორდატში“ ჩადებულია ერთიანი სახელმწიფოს დაშლის ნარატივი.

   რაც შეეხება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სურვილებსა და პროგნოზებს, ეს, რელიგიური უსაფრთხოების სერიზული დარტყმაა საქართველოში.   სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ შეიძლება სხვა რელიგიური ორგანიზაციების მარგინალიზაცია, დისკრიმინაციის, უთანასწორო მოპყრობის ან ხვა რელიგიური ჯგუფების უფლებების შეზღუდვების განცდები გამოიწვიოს. გარდა ამისა, რელიგიური ლიდერების ან ინსტიტუტების მხრიდან. მთავრობის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე არასათანადო კონტროლი შეიძლება დაწესდეს. სახელმწიფო რელიგიის სტატუსის პირობებეში, იერარქიის და პრივილეგიების შექმნით, მეტია სოციალური დაყოფის რისკი, რაც ზრდის უკმაყოფილებას, შეუწყნარებლობას და კონფლიქტს საზოგადოების სხვადასხვა რელიგიურ თემებს შორის. ამასთან, იკარგება რელიგიური მრავალფეროვნება, კულტურული პლურალიზმი საზოგადოებაში, სხვა რელიგიების პრაქტიკა და კულტურული მემკვიდრეობა და სულიერი მრავალფეროვნება; ქრება სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი რელიგიურ საკითხებში, რაც ზღვარს შლის რელიგიურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის და პოტენციურად ძირს უთხრის საჯარო მმართველობის მიუკერძოებლობას. საერთაშორისო დონეზე, სახელმწიფო რელიგიის გამოცხადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს დიპლომატიურ ურთიერთობებზე ქვეყნებთან, რომლებსაც განსხვავებული რელიგიური მოდელები აქვთ, ან სადაც რელიგიური თავისუფლება მგრძნობიარე საკითხია. ამან შეიძლება რელიგიური ფავორიტიზმი გამოიწვიოს, ან „გამორიცხვის პოლიტიკის“ ბრალდებებს შეუწყოს ხელი. მთავრობას საეკლესიო პირთა დანიშვნის ან დამტკიცების ფუნქცია ეძლევა. ამასთან. შეიძლება კონკრეტული სამართლებრივი მოთხოვნები გაჩნდეს ეკლესიის მოხელეთა კვალიფიკაციასთან, თანამდებობაზე დანიშვნასა, თუ  პენსიაზე გასვლის საკითხებთან დაკავშირებით.

   სახელმწიფო რელიგიის მოდელი შეიძლება  კულტურულ და ისტორიულ კავშირებს ასახავდეს (საბერძნეტის მაგალითი), მაგრამ დღევანდელ ეტაპზე, ის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და სოციალური ერთობის, მმართველობისა და უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს.

   ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობის ქართული მოდელი რელიგიური უსაფრთხოების გარანტიაა და საზოგადოებაში დელიკატური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. კონსტიტუციური შეთანხმება პატივს სცემს ამ ისტორიულ მემკვიდრეობას და აღიარებს თანამედროვე მმართველობის პრინციპების აუცილებლობას. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის არსებული მოდელი უზრუნველყოფს რელიგიურ პლურალიზმს და თავიდან იცილებს სახელმწიფო რესურსების ან გადაწყვეტილების მიღების პროცესების მონოპოლიზებას. ხელს უწყობს სოციალურ ერთიანობას; რელიგიური და საერო ინტერესების ჰარმონიული თანაარსებობის საშუალებას იძლევა. ქართული მოდელი აერთიანებს მართვის თანამედროვე პრინციპებს, როგორიცაა ხელისუფლების დანაწილება და უფლებების დაცვა, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა.

   მთლიანობაში, ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობის ქართული მოდელი წარმოადგენს თავისუფლებათა დაცვის, დაბალანსებული და ჰარმონიული საზოგადოების შენარჩუნების დამოუკიდებელ სისტემას და ყველა სხვა მოდელთან მისი შედარება ან ადამიანთა გრძნობების გამოწვევით, ახალი სატატუსების პროვოცირება, რელიგიური უწონასწორობის რისკებს შეიცვს და უასაფრთხოების საკითხია.

მარიამ ცაცანაშვილი - სპეციალურად „საქინფორმისთვის“

2024 წლის 17 ივლისი
საქართვლო, თბილისი