საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თავის დროზე იყო ზეწოლა სუვერენულ სახელმწიფოზე, რათა პარლამენტს არ მიეღო პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება.
პაპუაშვილის თქმით, უცხოელი აქტორების მაშინდელი ქმედება მიუღებელი იყო, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა საკონსტიტუციო სასამართოლომ დაადასტურა კონსტიტუციის დარღვევა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას იმით, რომ იმავე მოსამართლეებს მიმართავს საკუთარი პრეტენზიით.
„იმპიჩმენტთან დაკავშირებით, გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ სამარცხვინო ეძახა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოსამართლეებს, ასევე, ვნახეთ მაშინ უცხოელი აქტორების მხრიდან პარლამენტზე ზეწოლა. მათ შორის იყო ზოგიერთი ელჩი, უცხოელი პოლიტიკოსი თუ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი, პირდაპირ ზეწოლა იყო საქართველოს პარლამენტზე, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილება არ მიეღო იმ პირობებში, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის დარღვევა. აქ ჩვენ ვნახეთ სუვერენული სახელმწიფოს საპარლამენტო საქმიანობაში უხეში ჩარევა, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არ მიგვეღო იმპიჩმენტის გადაწყვეტილება. გახსოვთ მაშინ ზოგიერთი დიპლომატისა და უცხოელი აქტორის საუბარი, რომ ეს კავშირში იყო საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. გამოდის, ეს დიპლომატები ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის ევროპა, კონსტიტუციის დარღვევაზე თვალის დახუჭვა და წაყრუება არის ევროპა. ზოგ უცხოელს ასეთი ქვეყანა უნდა. თავისთვის სხვანაირი სტანდარტი უნდათ და ჩვენთვის უნდათ, კონსტიტუციას არღვევდეს პრეზიდენტი და ამაზე ჩუმად იყოს საქართველოს პარლამენტი იმ პირობებში, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა დარღვევა. ახლა თავად ქალბატონი სალომე ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას იმით, რომ ზუსტად იმავე სასამართლოს, იმავე მოსამართლეებს მიმართავს საკუთარი პრეტენზიით. ამიტომ არის, რომ მთელი ის პროცესი იყო ფარსი, იყო ზეწოლა სუვერენულ სახელმწიფოზე, რათა პარლამენტს არ მიეღო იმპიჩმენტის გადაწყვეტილება და აბსოლუტურად უსამართლოდ, არაევროპულად იმ საკითხის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.