აქტუალური
სექტემბერში შაქრის გაიაფებას ელიან

sahar_3შაქარზე გაზრდილი ფასის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი ზამთარში მურაბას ვერ დააგემოვნებს. პროდუქციის გაძვირების მიზეზებს შაქრის იმპორტიორი კომპანიები არ ასახელებენ და ვარაუდობენ, რომ სექტემბრისთვის შაქრის ფასი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

რამდენიმეთვიანი სტაბილურობის ფონზე საქართველოში შაქრის ღირებულება გაიზარდა. ბრაზილიიდან შემოტანილი შაქრის ფასმა 40 თეთრით მოიმატა და 1,70-1,75 ლარის ნაცვლად, 2,10-2,15 ლარი ღირს. გასულ თვეში საკონდიტრო 50 კგ-იან ერთ ტომარა შაქარს 88 ლარად იძენდა, ამჟამად საწარმოს ტომარაში 104-105 ლარის გადახდა უწევს. უცხოეთიდან შემოტანილ შაქართან ერთად გაძვირდა საქართველოში კომპანია „აგარას“ მიერ წარმოებული შაქარიც, რომლის ფასმა 1,65 ლარიდან 2,05 ლარამდე მოიმატა.

ქართული შაქრის რეალიზატორი კომპანიები ფასის ზრდას ბაზარზე შაქრის დეფიციტს უკავშირებენ. ამის თაობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ინფორმაციას არ ფლობს, არც ქვეყანაში არსებული შაქრის მარაგის როდენობაზე შეუძლია რამის თქმა.

ექსპერტების აზრით კი, მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ცვალებადობა საქართველოზეც აისახება, თუმცა მთავარი მიზეზი არის ის, რომ შაქრის ბიზნესი საქართველოში მონოპოლიზებულია – შაქარი ქვეყანაში მხოლოდ ორ კომპანიას შემოაქვს, რაც მათ საშუალებას აძლევს, პროდუქტზე ფასი ხელოვნურად გაზარდონ.

 

საქინფორმი