სამართალი
ზუგდიდში „სანახაობისთვის“ ფულს არ ზოგავენ

erta-xmaნაციონალური ტელეარხების მიერ გაპიარებული საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ერთა ხმა“ ზუგდიდის ადგილობრივ ბიუჯეტს 17 ათასი ლარი დაუჯდა. გამგეობამ ეს თანხა სცენის მოწყობას, განათებისა და გახმოვანების მონტაჟზე დახარჯა. ღონისძიების დასაფინანსებლად ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობას ფესტივალის ორგანიზატორებმა – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიმართეს. თხოვნის შესრულებაზე გამგეობას თანხმობა ზუგდიდის საკრებულომ ბოლო სხდომაზე მისცა. „ერთა ხმას“ არაერთი სპონსორი ჰყავს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო კი ღონისძიებას ცალკე 50 ათას ლარზე მეტით აფინანსებს.

„ერთა ხმა“ ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ტარდება, მასში 10 ქვეყნის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობენ. სტუმრები ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში დაბინავდნენ, რის გამოც „პატრიოტების“ ახალი ნაკადი არ მიუღიათ.

ზუგდიდის მთავრობა კონცერტებისთვის ფულს არ ზოგავს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა კი ერთჯერადი დახმარების მისაღებად გამგეობასთან თვეობით დგას და ხელისუფლების მიერ თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შედეგებს საკუთარ თავზე იმკის.

 

საქინფორმი