სამართალი
მაიკლ კარპენტერი: ვიმედოვნებთ, რომ დავინახავთ სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს მთავრობის მხრიდან

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ვიმედოვნებთ, რომ დავინახავთ სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან განხილვის პროცესშია, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა ბრიფინგზე განაცხადა.

კარპენტერს ჟურნალისტმა რუსა შელიამ დაუსვა კითხვა, რა ეტაპზეა დღეს საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ასევე, როგორია მისი შეხედულება აშშ-ის მიერ საქართველოში წვრთნების გადადებაზე.

ამჟამად საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი განიხილება, მათ შორის, „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები და სხვა ჩართულობები, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად, ამიტომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული შეშფოთებითა და მწუხარებით ვუყურებთ ამ გადაადგილებას სხვა მიმართულებით. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, როცა ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როცა ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს საქართველოში, ეს არ შეესაბამება ნატო-ს ალიანსის ღირებულებებს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ვფიქრობთ, რომ ეს არც თქვენს ატლანტიკურ ინტეგრაციასთან არის თავსებადი, მათ შორის, ევროკავშირთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავინახავთ მიმართულების, სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან განხილვის პროცესშია“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.