პოლიტიკა
აშშ-ის სენატმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

senat_usa2აშშ-ის სენატმა 29 ივლისს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებს.

რეზოლუცია S. RES. 175 სენატში დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინეს. ორივე სენატორი ვაშინგტონში არსებული საერთაშორისო პოლიტიკის კვლევით ცენტრში ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.

„დღეს სენატმა ერთიანი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა 29 ივლისს. – მართალია, მე ძალიან მოხარული ვარ სენატის ქმედებისა და იმ ნათელი გზავნილის გამო, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას ვუგზავნით, სიტუაცია იქ მყიფე და მოუგვარებელი რჩება, რადგანაც რუსულ შეიარაღებულ ძალებს კვლავ ოკუპირებული აქვთ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები“.

საქართველოს ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი მიესალმა რეზოლუციას და განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციების მყარი საფუძველია.

მიღებულმა რეზოლუციამ მცირედი შესწორება განიცადა იმ წინა ვერსიისგან განსხვავებით, რომელიც 2010 წლის დეკემბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარედგინა. თუმცა მთლიანობაში დოკუმენტი იგივე რჩება და მოუწოდებს რუსეთს, თავისი შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს.

ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ახალ ტექსტშია, ეხება სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებათა მიმართ გამოყენებულ ტერმინებს. თუ ტექსტის თავდაპირველ ვარიანტში გამოყენებული იყო ტერმინი „დე ფაქტო“, ახლა ეს ტერმინი იცვლება შემდეგი ფორმულირებით – „მაკონტროლებელი ძალაუფლება“ – სწორედ ეს ტერმინია გამოყენებული საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტში.

რეზოლუციის ახალი პროექტი ასახავს დეკემბრისშემდგომ რამდენიმე ახალ მოვლენასაც, მათ შორის, სახელმწიფო მდივნან ჰილარი კლინტონის მიერ ბერლინში 15 აპრილს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ის ამბობს, რომ „იზიარებს საქართველოს წუხილს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით“. რეზოლუციის განახლებული პროექტის ტექსტში ასევეა ნახსენები აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტები.

რეზოლუცია ადასტურებს „ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას – მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას, და აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად“.

დოკუმენტი მოუწოდებს მოსკოვს, ცხინვალსა და სოხუმს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და საერთაშორისო მისიებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრული და ღირსეული დაბრუნების საშუალება მისცენ.

რეზოლუციაში, ასევე, ნათქვამია, რომ სენატი „მხარს უჭერს მშვიდობიან, კონსტრუქციულ ჩართულობას და ნდობის აღდგენის ღონისძიებებს საქართველოს ხელისუფლებასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაკონტროლებელ ძალაუფლებებს შორის და ხალხთა შორის დამატებითი კონტაქტებისკენ მოუწოდებს“.

„[სენატი] ადასტურებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პრიორიტეტია კავკასიის რეგიონში და რომ ხანგრძლივი რეგიონული სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი და მხარეებს შორის გრძელვადიანი დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგის გზითაა შესაძლებელი“.

 

საქინფორმი