საზოგადოება
„როსგრანსტროი": რუსეთიდან სულ უფრო მეტი ტურისტი მიდის საქართველოში

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით (საბაჟო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი") მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიზარდა, იუწყება „როსგრანსტროი".

„ყაზბეგი" - „ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ამჟამად მოქმედი ერთადერთი გამშვები პუნქტია.

ტურისტულ სეზონზე მსუბუქი ტრაფიკის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, „ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზე დატვირთვა გაიზარდა... სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების თანამშრომლები დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დღეს „ზემო ლარსზე" 39 ზოლი ფუნქციონირებს: 12 სატვირთო ტრანსპორტისთვის, ორი ავტობუსებისთვის, ერთი სარეზერვო და 24 მსუბუქი ავტომობილებისთვის.

რუსეთისა და საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების ე.წ. საცობის შექმნას, რის გამოც უწყება რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მსურველებს ურჩევს გზისთვის მეტი დრო გამოყონ. ასევე მოიმარაგონ დიდი რაოდენობით წყალი, იზრუნონ თავიანთ მგზავრებსა და შინაურ ცხოველებზე.

ამასთან, „როსგრანსტროის" ცნობით, „ზემო ლარსის" მისასვლელთან სატვირთო მანქანების დიდი რიგები არ შეინიშნება.

რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, ამ პერიოდში 500-მდე სატვირთო მანქანა ელოდება „ზემო ლარსის" გზით გადასვლას: ყველა მათგანი იმყოფება საბაჟო და ლოგისტიკურ ტერმინალებზე და ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ავტოსადგომებზე. „ზემო ლარსთან" კილომეტრიანი რიგები არ არის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები (215,5 ათასი ვიზიტი) თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზე არიან.

მთლიანობაში, 2024 წლის იანვარი-მარტში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7,6%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ შეადგინა.

2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავალმა კვარტალურ რეკორდს მიაღწია და 807,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 1,5%-ით მეტია გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით და 39,6%-ით მეტი 2019 წლის, პანდემიანდელ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი თანხა რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 171,2 მილიონი აშშ დოლარი.