საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურმა სესიამ, რომელიც ბუქარესტში 29 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართა, ბუქარესტის დეკლარაცია და რამდენიმე რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველო არაერთხელაა ნახსენები. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ უცხოელი აგენტის შესახებ კანონის მიღებაზე, მთავრობის ბოლო ქმედებებზე, რომლებიც „ძირს უთხრის დემოკრატიას“ და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე.
ბუქარესტის დეკლარაციის I თავი, რომელიც პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოებას ეხება, მიმოიხილავს საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ამოქმედებას და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას. ის „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც „კრემლის მიერ მხარდაჭერილს“ უწოდებს და მოუწოდებს ხელისუფლებას შეაჩეროს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე, აქტივისტებსა და მომიტინგეებზე.
25. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა „სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს კრემლის მიერ მხარდაჭერილი ძალისხმევის თაობაზე, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მყიფე დემოკრატიას და ანადგურებს საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ არჩევანს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონის მიღებით, რომელიც ძირს გამოუთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ძირითად თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა და კანონმორჩილ მომიტინგეებზე, რასაც გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა მახასიათებელი აქვს, და სანაცვლოდ, ეცადოს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებას და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას“, – ნათქვამია ტექსტში.
თავი III, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების შესახებ, ასევე გამოხატავს „სერიოზულ შეშფოთებას“ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ამოქმედებისა და ხელისუფლების სხვა ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო.
158. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა „სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის და სხვა პოლიტიკური ზომებისა და კანონმდებლობის მიღებას, რომლებიც ფაქტობრივად ძირს უთხრის დემოკრატიას, ახშობს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ახდენს რეპრესიული სამთავრობო აპარატის კოდირებას და მიზანმიმართულად აუქმებს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, პატივი სცეს ქართველი ხალხის მკაფიო და თანმიმდევრულ ნებას, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და შეასრულოს ჰელსინკის საბოლოო აქტი და ეუთოს სხვა ვალდებულებები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
I თავში, რომელიც პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოებას ეხება, საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების „ოკუპაციაზე“.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.
ის ასევე ხაზს უსვამს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, აქტიური ჩართულობის გაგრძელებაა საჭირო, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
თავი III, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების შესახებ, ასევე გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, კერძოდ, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, მოცემულ თავში შევიდა დამატება, რომელიც მონაწილეებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღეს.
171. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა „გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას იქ მცხოვრები ადამიანების ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების სხვადასხვა ფორმით დარღვევას, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას. ასევე, ორივე რეგიონში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული მახასიათებლების წაშლასა და შეცვლას, რაც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის უშუალო შედეგია“.
სესიაზე, როდესაც ცვლილება განიხილებოდა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველო განზე არ დარჩეს და მოუწოდა კოლეგებს, არ დაივიწყონ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა (IN-05) მე-3 თავში კიდევ ერთი ცვლილება წარადგინა, რომელიც საქართველოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას ეხება. სპარცი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ ივნისის დასაწყისში გამართული აშშ-ის კონგრესის მოსმენის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
192. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა „მოუწოდებს ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ოდირი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ერთობლივად იმოქმედონ 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შესაქმნელად, რა დროსაც ყურადღება უნდა გამახვილდეს პოტენციური არასათანადო მოპყრობისა და ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებაზე, რასაც შესაძლოა არჩევნების დღემდე დიდ ხნით ადრე ჰქონდეს ადგილი და ძირი გამოუთხაროს ხმის მიცემის სამართლიანობას“.
საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მან ხაზი გაუსვა საქართველოში განვითარებულ „შემაშფოთებელ მოვლენებს“ და განაცხადა, რომ ეუთომ უნდა შეიმუშაოს „რისკებზე დაფუძნებული“ მიდგომა, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები რაც შეიძლება თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.
უთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ დეკლარაციის რამდენიმე პუნქტი გააკრიტიკეს, სადაც საქართველო იყო ნახსენები, და საბოლოოდ მას მხარი არ დაუჭირეს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააპროტესტეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაგმობა და არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შექმნის მოწოდება, ქვეყანაში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით.
ბოჭორიშვილი იმ ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც საქართველოში სადამკვირვებლო მისიის შექმნას ითვალისწინებს, და აღნიშნა, რომ ის „არც აქტუალური და არც დროულია“. მისი თქმით, მისი მიღება საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურ აღქმას შექმნის. მართალია მას არ უხსენებია კონგრესმენ სპარცის კომენტარი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ეუთოს/ოდირის რეკომენდაციების შესასრულებლად და მომავალი არჩევნებისთვის ძლიერი და სტაბილური სისტემის შესაქმნელად.
ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე მოიწვია ეუთოს მოკლე და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები საქართველოში და ამ მუხლის ცვლილება არჩევნების შესახებ არასწორ აღქმას გამოიწვევს. ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები ეუთოს სხვა ქვეყნებშიცაა დაგეგმილი და რომ რეზოლუციაში საქართველო არ უნდა იყოს გამოკვეთილი.
იგივე ცვლილება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემაც გააკრიტიკა. კერძოდ, მან ის ფაქტი გააკრიტიკა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ტექტსში საქართველო გამოყოფილია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთოს სხვა ქვეყნებშიცაა დაგეგმილი არჩევნები უახლოეს მომავალში, თუმცა არცერთი მათგანი არაა ნახსენები ტექსტში. ამით მან გვერდი აუარა დემოკრატიული უკუსვლის კონტექსტს, რომელშიც საქართველოს არჩევნები იყო ნახსენები.
სამხარაძემ საქართველოზე „მიზანმიმართულ თავდასხმაზე“ ისაუბრა და ამ კუთხით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხსენება დაგმო. მისი თქმით, „მტკნარი სიცრუეა“ კანონის ისე წარმოჩენა, თითქოს ის საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. გაიმეორა რა „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია, რომელიც ქართულ კანონს გამჭვირვალობის შესახებ დასავლურ კანონებს ადარებს, სამხარაძემ განაცხადა, რომ მსგავსი კანონმდებლობა საფრანგეთსა და კანადასაც აქვთ.
სამხარაძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ შესწორების ფორმულირებაზე. სამხარაძის თქმით, ცვლილებაში ნათქვამია, რომ „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა შერიგდნენ“. მისი თქმით, ეს პუნქტი გულისხმობს, რომ კონფლიქტის სამი მხარე არსებობს. სესიაზე მან განაცხადა: „მე მეგონა, რომ ეს ორგანიზაცია მხოლოდ ერთ საქართველოს აღიარებდა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მეგონა, რომ მე მას წარმოვადგენდი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში“. სამხარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დელეგაცია დეკლარაციას ამ მოტივით არ დაუჭერს მხარს.
ცვლილება საბოლოო დოკუმენტში არ შევიდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, რომელიც ასევე საქართველოს დელეგაციის წევრია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგად ის ამოღებულ იქნა ტექსტიდან.