საზოგადოება
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

gancxadebaსაქინფორმი გთავაზობთ ქართული არასამთავრობი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას რელიგიური გაერთიანებებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტებზე.

„ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გამოვდივართ წინამდებარე განცხადებით, ამა წლის 5 ივლისს რელიგიური გაერთიანებებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტებზე. კერძოდ, გვაშფოთებს საჯარო დებატებში სიძულვილისა და შეუწყნარებლობის შემცველი გამონათქვამის სიმრავლე, რომლებიც რიგ შემთხვევაში ეთნოსთაშორისი და რელიგიათშორისი შუღლის გაღვივების მიზეზად იქცნენ.

ჩვენ ვგმობთ შეუწყნარებლურ გამონათქვამებს, სიძულვილის ენასა და ეთნოსთაშორისი და რელიგიათშორისი შუღლის გაღვივების მცდელობებს რიგი სოციალური, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ პირის, ასევე, საზოგადო მოღვაწეებისა და მედიასაშუალებების მხრიდან. თხოვნით მივმართავთ საზოგადოებას, თავი შეიკავონ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის შემცველი ნებისმიერი გამონათქვამებისა და იმ ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს.

აგრეთვე, გვაღელვებს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოსა“ და მისი ხელმძღვანელის არნოლდ სტეპანიანის ირგვლივ შექმნილი ვითარება, კერძოდ ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელისა და ზოგი თანამშრომლის მიმართ განხორცილებული ზეწოლა და რადიკალურად განწყობილი პირებისა და რიგი მედიასაშუალების მიერ ინიცირებული დისკრედიტაციის კამპანია, სიძულვილის ენისა და შეუწყნარებლობის კუთხით მონიტორინგის წარმოების გამო. მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, რათა გამოიჩინონ პროფესიონალიზმი ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ პოზიციისა და მის მიერ გამოცემული მასალების გაშუქებისას და, უპირველეს ყოვლისა, საგულდაგულოდ შეისწავლონ ისინი.

კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მიმართონ დიალოგისა და საჯარო განხილვის ცივილურ ფორმებს. ხაზს ვუსვამთ დიალოგის პროცესში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის განსაკუთრებულ როლს“.

 

უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი

გოგი ხუციშვილი, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი

ეკა სირაძე-დელონე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ალექსი შოშიკელაშვილი, ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი

ნანა კაკაბაძე, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის

ქეთი ხუციშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ნაზი ჯანეზაშვილი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ზაალ ანჯაფარიძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

ია მამალაძე, რეგიონული მედიის ასოციაცია

 

საქინფორმი