უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი - არ შეიძლება მხოლოდ საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, აუცილებელია გეგმა

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. არ შეიძლება მხოლოდ საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, აუცილებელია გეგმა, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ინიციატივას.

„ჩვენ ვერ ვენდობით პუტინს, რადგან ჩვენთვის ის მკვლელი და აგრესორია. მნიშვნელოვანია, უნგრეთი აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია, აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ასობით შეხვედრა გამართა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების თაობაზე, რუსეთმა კი ეს ყველაფერი ჩაშალა.

„მაშასადამე, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთაშორისო პლატფორმაზე ქვეყნების, ლიდერების თანდასწრებით, რომლებსაც აქვთ ნდობა. მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ომის დასრულების ეტაპებზე, მაგრამ ჩვენ ყველა ერთ მხარეს უნდა ვიყოთ, უნდა ვენდოთ ერთმანეთს“, – განმარტა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ტექნიკის დასაგროვებლად.

1tv.ge