საზოგადოება
ნორვეგიაში დაღუპულ თამთა ლიპარტელიანს საქართველოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში საქართველოს ელჩმა დავით კერესელიძემ განუცხადა.
ელჩის განცხადებით, მან ნორვეგიული მხარისაგან მიიღო დაპირება, რომ შესაბამისი პროცედურები მომავალი კვირისთვის დასრულდება და თამთა ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენება მოხერხდება.„საელჩო და პირადად მე ვმუშაობთ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ძალიან მალე და იმედი მაქვს, მომავალ კვირას ეს მოხდება. ამჟამად ოსლოში ვიმყოფები, რათა გავაკონტროლო, რომ დროულად მოხდეს გადასვენება“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
ამასთან, თამთა ლიპარტელიანის მშობლები ნორვეგიიდან უკვე დაბრუნდნენ. ისინი ოსლოში რამდენიმე დღის წინათ ჩავიდნენ.
თამთა ლიპარტელიანი 22 ივლისს კუნძულ უტოიაზე თავდასხმისას დაიღუპა, როდესაც 32 წლის ანდერს ბრეიკმა 84 ადამიანი მოკლა.
საქინფორმი