აქტუალური
რატი იონათამიშვილი: საზოგადოება „ლელოს" ლიდერების თაღლითური სქემების შესახებ მომავალშიც გაიგებს

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. დროთა განმავლობაში საზოგადოება გაიგებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების, „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახალ ფართომასშტაბიან თაღლითურ სქემებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

2024 წლის 13 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჰოლანდიელი ინვესტორის საჩივრის საფუძველზე TBC Capital-ის მიერ 2017 წელს Imereti Greenery-ის ობლიგაციების განთავსებისას დარღვევების არსებობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამ პერიოდში კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდნენ ჯაფარიძე და ხაზარაძე. ობლიგაციების განთავსების მომენტში კომპანია Imereti Greenery გაკოტრების პირას იყო, რის შესახებაც ინვესტორი არ იყო ინფორმირებული.

სასამართლომაც დაადგინა, რომ ისინი არიან თაღლითები და სხვათა შორის, ეს მიმართულება მათ არც გაუპროტესტებიათ. შესაბამისად, ამ ადამიანებისგან ჩვენ არაფერი გვიკვირს, იმიტომ, რომ თავის ბიზნეს-საქმიანობაშიც იყვნენ თაღლითები და ახლა უკვე პოლიტიკურ საქმიანობაში განაგრძობენ იმავეს. ცხადია, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო მეტს გავიგებთ მათი მასშტაბური თაღლითობის შესახებ", - განაცხადა იონათამიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის იანვარში ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და მათ 7–7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ამ დროისთვის ჰოლანდიელი ინვესტორი, რომელმაც ფასიან ქაღალდებში 400 ათასი დოლარი ჩადო, ფულის დაბრუნებას ითხოვს, რადგანაც, მისი აზრით, TBC Capital-მა მას სრულად არ მიაწოდა ინფორმაცია სასათბურე მეურნეობით დაკავებული კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

გარდა ამისა, ხაზარაძე და ჯაფარიძე ერთდროულად იყვნენ კომპანია Georgian Fresh Holding-ის მფლობელები, რომელიც Imereti Greenery-ის თანამფლობელია, რაც, ინვესტორის ადვოკატ გიორგი ჩერქეზიას თქმით, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ეჭვს ბადებს.

ადვოკატი საქართველოს პროკურატურისთვის მიმართვას არ გამორიცხავს.

Imereti Greenery-ის მფლობელები 2017 წელს იყვნენ საპარტნიორო ფონდი (46,34%) და Georgian Fresh Holding (53,66%). თავის მხრივ, Georgian Fresh Holding-ში ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 15%-იანი წილი ჰქონდათ.