საზოგადოება
თემურ შაშიაშვილი: „დავფიქრდეთ, გვატყუებენ და თან უტიფრად გვავალდებულებენ, ტყუილი დავიჯეროთ და ხელისუფლებას ტაში დავუკრათ“

TeTrebi4როგორც საქინფორმს „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრ გილაურის განცხადებით, „პირველად საქართველოში, ბოლო 6 თვის მონაცემებით, ექსპორტმა 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა“.

„ვინც ამას იჯერებს და რეალურ ანალიზს არ აკეთებს, ქებათა ქებას უგზავნის ხელისუფლებას და ჩვენ, ვინც ამას არ ვიჯერებთ, ქვეყნის მტრებად მიგვიჩნევს.

ჩვენ, „ქვეყნის მტრები“, გეუბნებით „ქვეყნის ერთგულთ“: ექსპორტის, ანუ ქვეყნიდან გატანილი პროდუქტის 23 პროცენტი ავტომობილებზე მოდის. გვესმის? თითქმის ყოველი მეოთხე დოლარი მანქანების გაყიდვას უკავშირდება. საქართველო მანქანებს რომ არ აწარმოებს, ეს საკამათო არ არის. თუ იმასაც ვიტყვით, რომ მსოფლიოს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ითვლებიან მანქანების მთავარ მწარმოებლად (იაპონია, აშშ, გერმანია იტალია, საფრანგეთი, კორეა...) არსად მანქანების ექსპორტი საერთო მოცულობის 10 პროცენტს არ აჭარბებს. ესე იგი, ქვეყანა, რომელიც მანქანას აწარმოებს, მის მიერ ქვეყნის გარეთ გატანილი ექსპორტის პროცენტს არ შეადგენს მანქანებით საგარეო ვაჭრობა და ჩვენ კი, ვინც მანქანას არ ვაწარმოებთ, მისი წილი საექსპორტო პროდუქციაში 23 პროცენტს აჭარბებს.თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ საექსპორტო პროდუქციაში ისევ ნედლეული (ჯართი, ოქრო, ფეროშენადნობები, მანგანუმი, გადამუშავებული არმატურა) ჭარბობს – მოაზროვნე ადამიანი რწმუნდება, თუ რა სიბნელეში სურს, გვაცხოვროს ხელისუფლებამ, რა ტყუილებით გვკვებავენ ქვეყანა კი თავზე გვექცევა.

ელემენტარულად მოაზროვნე ადამიანისათვის ოდნავადაც არ არის საკამათო, რომ ქვეყანაში მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ამას ჩვენ საკუთარ ოჯახებში, ახლობელთა წრეში ვხედავთ. არა ვინმეს კრიტიკისათვის, არამედ დაფიქრებისათვის, იმისათვის, რომ მონური ფსიქოლოგიით არ ვიცხოვროთ და რეალურად ვიცოდეთ, რა მდგომარეობაა, კიდევ ერთ მოკლე ანალიზს მოვიყვან: 2003 წელს, როცა მანქანები საქართველოს ექსპორტში არ ეთვლებოდა, ექსპორტი, ანუ ქვეყნის გარეთ გაყიდული პროდუქციის მოცულობა, იმპორტის, ანუ ქვეყანაში გარედან შემოტანილი პროდუქტის 41 პროცენტი იყო. 2011 წელს, როცა მანქანების ექსპორტი საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში 23 პროცენტს აჭარბებს, ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა 31 პროცენტს შეადგენს.

ნებისმიერი ქვეყნისათვის კატასტროფაა, როცა ქვეყანაში შემოტანილი პროდუქციის მოცულობა 3-ჯერ აჭარბებს ქვეყნის გარეთ გატანილს, მით უფრო მაშინ, როცა გატანილში ნედლეული და სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია ჭარბობს.

ქვეყანა მართლა თავზე გვენგრევა. ხელისუფლებას არ აწყობს, ეს ხალხმა იცოდეს, მაგრამ ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის აუცილებელია, სიმართლე საქევყნოდ გამჟღავნდეს: ქვეყანა თავზე გვენგრევა. როგორც დიდი პოეტი მუხრან მაჭავარიანი ამბობდა: „საქმე იმიტომ უფროა ცუდად, რომ ცუდად როა, არ იცის ბევრმა“ .

და კიდევ ერთი, სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ათას რამეს მივედ-მოვედებით და ყოველგვარი ყურადღების გარეშე ვტოვებთ იმას, რაც ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველამ კომენტარის გარეშე დავტოვეთ პრემიერის ეს ტყუილები, აღარაფერს ვამბობ იმ ტყუილებზე, რითაც ყოველდღიურად პრეზიდენტი კვებავს მშიერ და დაუძლურებულ ხალხს საკუთარი სკამის შენარჩუნებისათვის“, – ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.

 

საქინფორმი