საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისა და დასაქმებულების თითქმის 30-30% და დაქირავებით დასაქმებულთა ნახევარზე მეტი. ეს ციფრები სახელმწიფო სტატისტიკიდან არის აღებული. რეალური მდგომარეობა გაცილებით მძიმეა.
შრომითი მიგრანტები უზრუნველყოფენ გამომუშავებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის რეპატრიაციას სამშობლოში. საბანკო არხებით ყოველწლიურად შემოსული თანხების მოცულობა 1 მილიარდს აჭარბებს, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აღრიცხული და აღურიცხავი ჯამში 3 მილიარდზე მეტია.
ექსპერტთა აზრით, ქვეყნის გარეთ იძულებით გასული თითოეული ადამიანი ირჩენს საკუთარ თავს და შიმშილით სიკვდილისაგან იცავს ორ-სამ ახლობელს. ეს მართლაც საგანგაშოა.
აღნიშნული რესურსი თანხობრივად საქართველოს შინამეურნეობათა მთლიანი შემოსავლების 30 პროცენტის ტოლია, ხოლო ბოლო წლების (2009-2010 წწ.) საშუალო მაჩვენებელი კი თითქმის 1.5-ჯერ აღემატება საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას.საქართველოში ყოველი 1000 მცხოვრებიდან დაქირავებით დასაქმებულია 140, რუსეთში – დაახლოებით 370, აშშ-ში – 426.
საშუალო ხელფასი საქართველოში აშშ-ის დონის მხოლოდ 10.6 პროცენტს შეადგენს (შესაბამისად, 608 ლარი და 3260 დოლარი, კურსი 2010 წლის დეკემბერში – 1$ = 1.7632).
დღეისათვის მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით საშუალო ხელფასის რეალური მსყიდველობითი უნარიანობა საქართველოში აშშ-ზე თითქმის 15.0-ჯერ დაბალია.
თუმცა, ფასების დონით საქართველო, ფაქტობრივად, ტოლს არ უდებს აშშ-ს, ზოგიერთი სამომხმარებლო საქონლის პოზიციის მიხედვით კი – კიდევაც უსწრებს მას (ბენზინი ამერიკაში – 30% -ით, ქათმის ხორცი – 10-15%-ით, ხილი – 7-10%-ით იაფია, ვიდრე საქართველოში. კომუნალური გადასახადებით თითქმის ვუტოლდებით ამერიკას).
საქინფორმი