სამართალი
პარლამენტმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტმა 78 ხმით არცერთის წინააღმდეგ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა. 17 მაისს სახალხო რეფერენდუმი მთლიანად საქართველოში ჩატარდა, საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა ამ პაკეტის მხარდაჭერა, დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად. დღეს პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და პირველი მოსმენით მივიღეთ ეს პაკეტი. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი. იცით, რომ კონსტიტუციური კანონის მიღებას, იმისთვის, რომ მყისიერად შევიდეს ძალაში, სჭირდება სამი მეოთხედი. ოპოზიცია არ იმყოფება დარბაზში. ამიტომ ამ კენჭისყრას გადავდებ შემდეგი პერიოდისთვის, როდესაც ოპოზიცია იქნება დარბაზში და მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით. ასე რომ, ისინი ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას, რომ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. საზოგადოების წინაშე ამ პასუხისმგებლობის დანახება და არჩევანის გაკეთება მოუწევთ სხდომათა დარბაზში. ასე რომ, ეს კენჭისყრა გადაიდება იმ დროისთვის, როდესაც ოპოზიციას ვიხილავთ დარბაზში, იმ დროს ჩატარდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი 4 ივნისს დააინიცირა.

კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.