რელიგია
ილია მეორე რუსეთ-საქართველოს მეგობრობის აღდგენის საქმეში საკუთარ და რუსეთის პატრიარქის დიდ პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ilia-kirili5სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობას საკუთარ ვალად თვლის და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს მოუწოდებს, „რუსეთ-საქართველოს მეგობრობა ერთობლივად აღადგინონ“.

„თქვენო უწმიდესობავ! ის პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა, აბსოლუტურად დაუშვებელია. ჩვენ მოძმე მართლმადიდებელი ერები ვართ და ეს ურთიერთობები ჩვენი მოშურნე მტრების მიერ შეიქმნა. ჩვენ ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენს ერებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობა და ძმობა აღდგეს. ჩვენ, თქვენო უწმიდესობავ, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. მე თქვენი სიბრძნის იმედი მაქვს. მე თქვენ მრავალი წელია, გიცნობთ. თქვენ რუსეთისა და საქართველოს ისტორიაში ისე უნდა შეხვიდეთ, როგორც მშვიდობისმყოფელი, ადამიანი, რომელმაც ორ ერს შორის მშვიდობა შექმნა“, – განაცხადა პატრიარქმა ლიტურგიის დასრულების შემდეგ, რომელიც რუსეთის პატრიარქსა და უკრაინისა და მინსკის მიტროპოლიტებთან ერთად აღავლინა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა კი აღნიშნა, რომ „ლოცვითა და შრომით ხალხებს, ერებსა და, განსაკუთებით, ერთმორწმუნე ერებს შორის მშვიდობა აღდგება“.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას საქართველოს პატრიარქის თანამდებობაზე. თქვენ, ერთი მხრივ, ახალი ეპარქიების გახსნის, სასულიერო პირთა ხელდასხმის, ტაძრების ამოქმედების, უამრავი ხალხის რწმენისკენ მობრუნების, ქართველი ხალხის ცხოვრებაში ქართული ეკლესიის უდიდესი როლის აღდგენის სასიხარულო მისია გხვდათ წილად, მეორე მხრივ კი, უდიდესი წუხილი და უდიდესი ძალისხმევა ეკლესიისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ“, – ბრძანა პატრიარქმა კირილმა.

 

საქინფორმი