სამართალი
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში მოისმინეს

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.

ანგარიში 386-გვერდიანია და ადამიანის უფლებათა დაცვის 30-მდე მიმართულებას მოიცავს.

ლევან იოსელიანმა პარლამენტში ისაუბრა კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე, გამოხატვის, ინფორმაციის, შეკრების თავისუფლებასა და უფლებადამცველთა უფლებებზე. ასევე ჯანმრთელობის, შრომის, სოციალურ უზრუნველყოფაზე, შშმ პირთა, ბავშვთა, ხანდაზმულთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობასა და სხვა საკითხებზე.

კერძოდ, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. მისივე თქმით, პრობლემურია პარლამენტში მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის ამოქმედებული სპეციალური წესები, რამაც მედიის ნაწილს მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა შეუზღუდა.

იოსელიანის განცხადებით, 2023 წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში შეკრების თავისუფლებით სარგებლობა კიდევ უფრო გართულდა.

ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წელს თამაზ გინტურის მკვლელობა გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. მისივე თქმით, მკვლელობაზე, უკანონო დაკავებებზე, ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე, უკანონო ბორდერიზაციასა და ადამიანთა გატაცებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

ამასთან, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია, დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმი.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, წლიდან წლამდე მცირდება პოლიციის სამმართველოებსა და დეპარტამენტებში შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული კამერების რაოდენობა. მისივე თქმით, გამოწვევად რჩება შსს-ს წარმომადგენლებისთვის სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება.

ლევან იოსელიანმა შრომის უფლებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია, კერძო სექტორში დასაქმებულებს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის შვებულების სრული ანაზღაურება მიეცეთ.