ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ (თეთრები) პრესცენტრი საქინფორმს ატყობინებს:
„ხელისუფლების მორჩილმა სასამართლომ აღარ იცის, როგორ ასიამოვნოს პრეზიდენტსა და ხელისუფლებას. ასეთი გამოთქმა დღეს არავის უკვირს, განსაკუთრებით, 26 მაისის შემდგომ. მაგრამ ის, რაც დღეს ბათუმში ხდება, ეს არის იმის დასტური, რომ საქართველოში ხელისუფლების აღვირახსნილობას საზღვარი არ აქვს.
ხელისუფლებას გაუჭირდა საპროცესო გარიგებაზე 22 მაისის სახალხო კრების მიტინგის შემდგომ აბსურდული ბრალდებით დაპატიმრებულთა დაყოლიება და ყველაფერს აკეთებს სასამართლო პროცესის გაჭიანურებისა და დაცვის მხარის პროვოცირებისათვის.
დღეს ყველას თვალწინ გოჩა მუხაშავრიას ადვოკატი რამინ პაპიძე მოსამართლემ ჯერ კანონიერი თხოვნისათვის უკანონოდ 300 ლარით დააჯარიმა, გარეთ გამოსულ ადვოკატს მანდატურებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რამდენიმე საათის წინათ კი თვითონ დააპატიმრეს მანდატურების ცემისათვის და ამჟამად ასამართლებენ.„როგორც ჩანს, ჰამურაბის კანონები უფრო სამართლიანი იყო, ვიდრე დიქტატორ სააკაშვილის. მეტი გვეკუთვნის იმისათვის, რომ ვითმენთ იმას, რაც ჩვენს თავს ტრიალებს, რომ ვითმენთ სააკაშვილსა და მის რეჟიმს“, – თვლის თემურ შაშიაშვილი და ქვეყნისა და ხალხის გადარჩენისაკენ მოუწოდებს პარტიებს, სახალხო კრებას, ზნეობრივ ავტორიტეტებს, ყველას, ვისთვისაც საქართველოსა და მისი მომავლისათვის ბრძოლა ღირსების საქმეა.
რაც საქართველოში ხდება, შედეგია იმისა, რომ არ შედგა დემოკრატიული სტაბილურობა და დასავლეთს საკუთარი მიზნებისათვის აწყობს დიქტატორული სტაბილურობა. ამ უკანასკნელს კი ქვეყნისთვის ნგრევის გარდა არაფრის მოტანა შეუძლია. საქართველოს მომავალი მხოლოდ დემოკრატიაში, თავისუფალ ადამიანში, ნიჭის ძალაუფლებასა და იმ ხელისუფლებაშია, რომელიც გარედან არ იმართება და გარედან მხარდაჭერით არ თავხედდება“ .
საქინფორმი